"ჩვენს არმისვლას ამ საცირკო სანახაობაში [ოლიგარქის პარლამენტის "საგამოძიებო კომისიაში"], რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, აქვს ამ მხრივ სერიოზული არგუმენტი: ესაა ჩვენი პოლიტიკური ხედვა, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად და ამის გამო ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა მანდატები.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო. მზად ვართ, მისივე სასამართლოში, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს - მოგონილი თუ დოკუმენტირებული, მზად ვართ, არგუმენტირებულად, სასამართლოს წინაშე გავარჩიოთ.ჩვენ არ ვამბობთ, რომ უბრალოდ არ მოვდივართ და პასუხებს არ გავცემთ, არა, ჩვენ ყველა ამ კითხვას, რომელიც არსებობს, აუცილებლად გავცემთ პასუხებს სასამართლოში. რატომ? იმიტომ რომ მე პატივს ვცემ საზოგადოებას, ასევე ჩემი და ბადრის განვლილ ცხოვრებას და არაფერი დასამალი, დასაყვედრებელი და თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, შეცდომები ჩვენც დაგვიშვია, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, ეს არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება, ეს არ ყოფილა არასდროს იმ ნარატივის, რომელსაც ინტენსიურად კულტივირებენ, რომ ჩვენი ბიზნესი თურმე ბიზნესების და ბინების წართმევა ყოფილა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ - ვერ ნახავთ ვერც ერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და მერე მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ, ასეთი არ არსებობს ასეთი, ისევე როგორც ვინმეს ქონება. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ ამას უნდა დაესვას წერტილი"
პარტია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოლიგარქის პარლამენტის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე უარი დღეს მედიასთან შეხვედრისას განმარტა. მისი თქმით, ის მზადაა კითხვებს სასამართლოს წინაშე უპასუხოს და არა არალეგიტიმურ პარლამენტში.