სხვიტარიძის საქმის მოწმე პოლიციელმა საკუთარი კაბინეტი "ვერ გაიხსენა" | რეჟიმის ტყვე ისევ პატიმრობაში დატოვეს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ საბა სხვიტარიძე ისევ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაიხედა და მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პატიმრობა ძალაში დატოვა.

გარდა ამისა, გამოიკითხა "დაზარალებული" პოლიციელის,  ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი.

მოწმე პოლიციელი სასამართლოზე დღეს ამტკიცებდა, რომ პირადად დაინახა, როგორ ჩაარტყა სხვიტარიძემ მირიან ქავთარაძეს ხელი, თუმცა ვერ გაიხსენა, სადაა მისი კაბინეტი:

ადვოკატი: საბა სხვიტარიძე ამბობს, რომ მას გზაში ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ეს ინფორმაცია არ მიაწოდეთ დაკავების ოქმის შემდგენ სალომე ედიშერაშვილს?

სუჯაშვილი: არა.

ადვოკატი: საბა სხვიტარიძეს შეუძლია ამოიცნოს თქვენი კაბინეტი. თქვენ და მირიან ქავთარაძე ხომ ორივე მე -5 სართულზე ხართ?

სუჯაშვილი: კი.

ადვოკატი: ლიფტიდან მერამდენე ოთახია თქვენი?

სუჯაშვილი: ვერ გეტყვით.

ადვოკატი: 5 წელია, იქ მუშაობთ და ვერ მეტყვით მერამდენე ოთახია ლიფტიდან თქვენი და მირიან ქავთარაძის?! 

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სხვიტარიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ პოლიციელმა ცრუ ჩვენება მისცა- "მე რომ პროკურორი ვიყო, მას სასამართლო დარბაზში დავაკავებდი ცრუ ჩვენების მიცემისთვის"

"ეს იყო ადამიანი, რომელიც იჯდა ავტომობილში, სადაც საბა სხვიტარიძეს ემუქრებოდნენ მისი კოლეგები გაუპატიურებით. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დღევანდელი სასამართლოს დასკვნის მერე, ეს ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. ყველას კარგად გვესმის, ამ ადამიანს არ აქვს სურვილი, რომ მისცეს საკუთარი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება. ის გააკეთებს ყველაფერს, მისცემს ცრუ ჩვენებას, ოღონდ არ დაასმინოს საკუთარი უფროსი მირიან ქავთარაძე“, - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

საბა სხვიტარიძეს ოლიგარქის პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ სხვიტარიძის ქმედების შედეგად თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ "ფიზიკური დაზიანება მიიღო", კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს სხვიტარიძესაც. ის დაკავების შემდეგ ოლიგარქის პოლიციამ აწამა. ძალადობის რამდენიმე ეპიზოდზე წინა სასამართლო პროცესებზე თავად სხვიტარიძემ ისაუბრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი