ოლიგარქის პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
"უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიციირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის გამოცხადების არსი გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება," - განაცხადა "ქართული ოცნების" ე.წ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ პარტიებს არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცემათ.
"კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი ანტიკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა," - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოცნების პარლამენტმა მიიღო განდაწყვეტილება, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდეს და ახალი დადგენილებით გავრცელდეს 2012 წლიდან-დღემდე პერიოდზე.
ოლიგარქის პარტიის ინიციატივას ოპოზიციაში ეხმაურებიან:
"რეჟიმი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობას და სხვა პარტიებს არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს.
სასიცოცხლოა, ყველამ გაიაზროს, რომ “უკეთესად” არაფერი იქნება, ამიტომ ვინც თვითმმართველობის არჩევნებს ეკეკლუცებოდა გულში - დასრულდა ეს პოლიტიკური რომანტიზმი." - წერს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე.
"ივანიშვილს თავად აქვს აღიარებული რომ პოლარიზაციის გარეშე ჩაიძირება.
ახლა, როცა იძირება პოლარიზაციის ინსტრუმენტი უფრო მძლავრად აამუშავა იმისათვის, რომ თავს უშველოს და ყველა ვინც მას უპირისპირდება და ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნას ცდილობს, "სისხლიან რეჟიმად" შერაცხოს.
პარტიების აკრძალვის მუქარაც მაგ ოპერიდანაა - ყველა ვისაც აკრძალვით დაემუქრებიან, პროპაგანდის მიერ ენმ-ის სატელიტად შეირაცხება.
ახლა როცა ენმ დედაქალაქში მეხუთე ადგილზე გავიდა და როგორც ფაქტორი, გაუფერულებულია - ყველა მის სატელიტად უნდა შეირაცხოს, იმისთვის რომ
ბიძინა გადარჩეს - ასე ხედავს რეჟიმი." ამბობს "მთავარი არხის" ვებგვერდისთვის გამოგზავნილ კომენტარში პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
"ტყუილად იხარჯებით ქოცებო – სენატის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ!" - წერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.
ჩვენ კომენტარებისთვის დავუკავშირდით სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც და მათი განცხადებების მიღებისთანავე, მასალა განახლდება.