აშშ-ის მთავრობა "რადიო თავისუფლებისა" და "ღია ტექნოლოგიების ფონდის" დაფინანსებას გააგრძელებს.
დაფინანსების განახლება მოხდა ვაშინგტონის ფედერალური საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც 26 მარტს მხარი დაუჭირა რადიო თავისუფლებას, რომელმაც გაასაჩივრა დაფინანსების შეწყვეტა. სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელის არსებითი განხილვამდე USAGM ვალდებულია თავი შეიკავოს რადიო თავისუფლების დახურვისკენ მიმართული ღონისძიებებისგან.
მოსამართლე როის ლამბერტმა დაასკვნა, რომ გადაწყვეტილების განხორციელება გამოიწვევს რადიო თავისუფლებას "გამოუსწორებელ ზიანს".
"USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, ერთი ფრაზით, პრაქტიკულად ყოველგვარი გამართლების გარეშე, აიძულოს რადიო თავისუფლება შეწყვიტოს საქმიანობა, მაშინაც კი, თუ პრეზიდენტმა მას ამის ბრძანება გასცა“, - თქვა მან.
"ჩვენ ვაფასებთ მოსამართლე ლამბერტის გააზრებულ და მკაფიო გადაწყვეტილებას, რომელიც USAGM-ს კონგრესის ნების იგნორირების საშუალებას არ აძლევს. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი პოზიციის მხარდაჭერის გაგრძელებას. ფინანსური წლის დარჩენილი პერიოდისთვის კონგრესის მიერ უკვე გამოყოფილ თანხის ჩვენთვის მოწოდებაზე უარის თქმა, არაკონსტიტუციურია," - განაცხადა "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა
2025 წლის ოქტომბრისთვის რადიო თავისუფლება სავარაუდოდ მიიღებს კიდევ 77 მილიონ დოლარს აშშ-ს ფედერალური მთავრობისგან, რომელიც კონგრესმა გამოყო მედია კომპანიის ოპერაციებისთვის.
მედიაორგანიზაციებს დაფინანსება მას შემდეგ შეუწყდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკის ფარგლებში გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება “ფედერალური ბიუროკრატიის შემცირების გაგრძელების” შესახებ. ბრძანებულებაში შვიდი ფედერალური ორგანიზაცია მოხვდა, მათ შორის, USAGM, რომელიც რამდენიმე მედიაორგანიზაციის ქსელს განაგებს, მათ შორის რადიო თავისუფლებასა და ამერიკის ხმას.
USAGM აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოა - ფედერალური ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე მედიაორგანიზაციის ქსელს განაგებს - რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL), ამერიკის ხმა, რადიო თავისუფალი აზია, კუბის მაუწყებლობის სამსახური, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი და ღია ტექნოლოგიის ფონდი. 2025 წლისთვის USAGM ითხოვდა 950 მილიონ დოლარს საკუთარი თავისა და 6 ორგანიზაციის დასაფინანსებლად. თითოეულ ამ მედიაორგანიზაციას ბიუჯეტის თანხა კონგრესის მიერ განესაზღვრება . ბოლოს მიღებული რეზოლუციის შედეგად, მათ 2024 წლის პარამეტრებით დაფინანსება ჰქონდათ წესით გარანტირებული.