ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა დემოკრატიის შელახვის, შიდა რეპრესიებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო.
ახალი სანქციები ვრცელდება სულ 25 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბელარუსში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვაზე, რეპრესიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად.
სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისი თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები, რომლებმაც ჩაატარეს ფსევდო-საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის თებერვალში. ევროკავშირის ახალი სანქციები ასევე ეხება 9 მოსამართლეს, რომლებმაც გამოუტანეს პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელები, ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს.
სანქციების სიაში მოხვდა ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებული ბელარუსული კომპანიებიც, მათ შორისაა, Lukovitsa-Bel, რომელიც ასევე დაკავშირებულია გერმანელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოს იორგ დორნაუსთან.
მთლიანობაში, 2020 წლის პროდემოკრატიული პროტესტის ძალადობრივი დარბევის შემდეგ, ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ევროკავშირის შემაკავებელი ზომები ვრცელდება 310 ფიზიკურ და 46 იურიდიულ პირზე.