შიდა ქართლის პროკურატურამ, სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძეზე ძალადობის მუხლით, კასპის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს გიორგი მჭედლიშვილსა და აპარატის უფროსს ზურაბ ჩიტიშვილს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 2022 წლის თებერვალში მომხდარ შემთხვევას, როდესაც საკრებულოს მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებზეც იძალადეს. საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშიცაა გაგზავნილი.
ძალადობის შესახებ ვიდეომასალა თავად სამოქალაქო აქტივისტმა გადაიღო. ირაკლი მილაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. ბრალდებულებს გირაო შეუფარდეს და ბრალდების მიუხედავად, მაღალ თანამდებობებზე კვლავ მუშაობენ.
დღეს გორში სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჩიტიშვილმა ,,ცირკი'' უწოდა მზია ამაღლობელის შემთხვევას.
"რას იტყვით იმ შემთხვევაზე, როდესაც მზია ამაღლობელი სილის გაწვნისთვის არის დაკავებული, ხოლო თქვენ გარეთ ხართ ადამიანის დასისხლიანებისთვის?' - ჰკითხეს ჟურნალისტებმა ჩიტიშვილს.
,,მორჩით ცირკებს'' - უპასუხა ჩიტიშვილმა.
ირაკლი მილაძეს გორის პროკურატურიდან აცნობეს, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს, ამნისტია შეეხებათ.
ირაკლი მილაძე ამბობს, რომ თანახმაა, თუმცა მზია ამაღლობელის თავისუფლების სანაცვლოდ.
"ჩემი ცემიდან 3 წელი გავიდა. აღარც მახსოვდა ეს ამბავი. მე თანახმა ვარ, მით უმეტეს ერთ-ერთი ბრალდებული ასაკოვანი კაცი ყოფილა, გავრცელდეს მათზე ამნისტია, თუკი საჯაროდ ბოდიშს მოიხდიან და ასევე თუკი პროკურატურა მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს.'' - განაცხადა ირაკლი მილაძემ.
[ფოტო: ქართლის ამბები]