გააშიშვლეს ბოლომდე და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ; ჰქონდა წნევის კრიზი და საპირფარეშოში არ გაუშვეს - პარკს მოგიტანთ და აქ არწყიეო | ნიკა გვარამიამ ელენე ხოშტარია მოინახულა

გამოქვეყნდა:

შსს-ში, კახეთის გზატკეცილზე, ცენტრალურ შენობაში რომ ადამიანს პრაქტიკულად კბილებს ჩამოუღებენ ეგ უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ცენტრალურ შენობაში რომ ეს ხდება, გასაგებია რასთან გვაქვს საქმე . ეს შენობა არის ქაჯეთის ციხე, წამების შენობა და აქ შედგა ელენე ხოშტარიას წამება... - განაცხადა ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და დეტალურად ისაუბრა იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელსაც ქალი პოლიტიკოსის მიმართ, იზოლატორში ჰქონდა ადგილი.

"ელენე გააშიშვლეს ბოლომდე, უკან შეუკრეს ხელები და ჩვეულებრივ ოთახში, ჩვეულებრივ საწოლზე, გაშიშვლებული ქალი პოლიტიკოსი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში." ამბობს ნიკა გვარამია.

ის ეხმაურება ოლიგარქის შსს-ს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას,სადაც რეჟიმის სამინისტრო "კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას" ახსენებს. ნიკა გვარამიას თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხოშტარიას მუდმივად თან აქვს საჭირო მედიკამენტები.

ირკვევა ისიც, რომ ელენე ხოშტარიას ე.წ. სამართალდამცველებმა წამალი და საპირფარეშოშიც გასვლის უფლებაც არ მისცეს:  

"ამბავი, რომელიც მათ მოიგონეს არის იმისთვის, რომ  გაამართლონ გაშიშვლება, ვითომ ნარკოტიკი გვეგონა, ვეძებდით და ა.შ...

რაც შეეხება წამალს. ელენეს ჯანმრთელობა ბოლო წლებში არაა სრულყოფილი, მას ყოველთვის ბევრი წამალი აქვს თან და ეს წამლებიც არ მისცეს. მას ჰქონდა წნევის კრიზი რამდენჯერმე, როცა მოიყვანეს მაშინაც წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება და უთხრეს, რომ საპირფარეშოში არა - პარკს მოგიტანთ და აქ არწყიეო. ამის მერე ითხოვა ჩემი წამლებიდან მარეგულირებელი დამალევინეთო, არ მიუციათ. დღემდე არ დაულევია და ახლაც წნევა აქვს მაღალი. არ გვაქვს სამედიცინო კაბინეტში და შენ შემოიტანეო.

როგორც კი ეს მორჩა [ღებინება] მერე გააშიშვლეს და აკეთეს დეტექტორით ის, რაც მოგყევით. " განაცხადა ნიკა გვარამიამ ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ. 

ნიკა გვარამიას განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ხოშტარიასთან არ მისულა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს კი მისივე თქმით, თავად ხოშტარიამ უთხრა უარი თანამშრომლობაზე, ასევე ხოშტარიამ უარი თქვა საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესზე დასწრებაზეც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი