მიანმარში 28 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 1 644 ადამიანი დაიღუპა და 3 408 დაშავდა, 139 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაცია ამის შესახებ მიანმარის მმართველმა სამხედრო ხუნტამ. არსებობს მოლოდინი, რომ ნანგრევების გაწმენდის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.
მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთსა და ტაილანდშიც. ტაილანდში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 10-ს აღწევს, დაშავებულია 42 და დაკარგულია 78.
7.7 და 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მიანმარში პარასკევს, 28 მარტს 12 წუთიანი შუალედით დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ საგაინგის ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაის მახლობლად. არსებული ინფორმაციით, მანდალაიში შენობების უმეტესობა დანგრეულია, რეგიონში სამედიცინო პერსონალის სიმცირესაც განიცდიან.
მიანმარის სამხედრო ხუნტამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა საგაინგის, მანდალაის, ბოგოსა და მაგვეის რეგიონებში, აღმოსავლეთ შანის შტატში, ასევე დედაქალაქ ნაიპიტავში.
ხუნტას ლიდერმა მინ აუნგ ჰლაინგმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა.