სტამბოლის მერის და პრეზიდენტობის კანდიდატის ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო ძლიერდება, ძლიერდება პროტესტზე ხელისუფლების ზეწოლაც. თურქეთის ოპოზიციის მიერ ინიციირებულ ეკონომიკურ ბოიკოტში მონაწილეობისა და მოწოდებების გამო თურქეთის ხელისუფლება ცნობილ ადამიანებს სჯის. ინფორმაცია ამის შესახებ ოპოზიციური თურქული მედია ავრცელებს.
ბოიკოტირების მოწოდებების გამო სოციალურ ქსელ X-ზე დაიბლოკა მსახიობების როჯდა დემირერის და ალიჯან იუჯესოის ანგარიშები. ამის შესახებ ინფორმაცია მათ ინსტაგრამზე გაავრცელეს.
თურქეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის TRT-ის სერიალებიდან მოხსნეს რამდენიმე მსახიობი, რომლებიც სხვადასხვა სერიალებში მთავარ როლებს ასრულებდნენ. აიბუკე პუსატი მოხსნეს სერიალიდან "ორგანიზაცია" (Teşkilat), მისი შეყვარებული ფურკან ანდიჩი, რომელმაც აიბუკე პუსატს თანადგომა გამოუცხადა, TRT-ის საერთაშორისო ციფრული ვიდეოპლატფორმაზე, Tabii-ზე მიმდინარე სერიალის "კორესპონდენტი" (Muhabir) სამსახიობო შემადგენლობიდან ამოიღეს, მასთან ერთად კადრს მიღმა დარჩა მსახიობი ბაშაკ გიუმულჩინელიოღლუც. როლიდან მოხსნეს მსახიობი ბორან კუზუმიც, რომელიც ამავე ციფრული პლატფორმის სერიალში "სულიერი თავგადასავალი" (Bir Ruh Macerası) მონაწილეობდა. სერიალიდან "ერთხელ სტამბოლში" მოხსნეს მსახიობი მურატ დაკტაბანი, რომელიც ექრემ იმამოღლუს და ეკონომიკურ ბოიკოტს უჭერდა მხარს.
უფრო მკაცრი ღონისძიებები გატარდა სხვა მსახიობების მიმართ, ჯემ იითუზუმოღლუ, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს სერიალში "შაქირ ფაშას ოჯახი", სოციალურ ქსელებში ბოიკოტის მოწოდების გამოძიების ფარგლებში, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ დააკავა. მსახიობის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა მსახიობთა კავშირმა და იმედი გამოითქვა, რომ მას პატიმრობას არ შეუფარდებდნენ. მოგვიანებით მსახიობი სასამართლო კონტროლის პირობით გაათავისუფლეს.
ხელოვანების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა, ცნობილი მსახიობი, ამჟამად კი ანკარის პროვინციის, ქალაქ ეტიმესგუტის მერი "რესპუბლიკური პარტიიდან" ერდალ ბაშიქჩიოღლუ.
"ხელოვნების მაგია მდგომარეობს ადამიანის სულის გათავისუფლებაში. მაგრამ დღეს ისინი ცდილობენ ამის დახრჩობას. დღეს ამ ქვეყანაში ხელოვანებს უშვებენ სამსახურიდან იმის გამო, რომ მათ საკუთარი აზრი გამოთქვეს. მათ განსჯიან არა მათი ხელოვნების, არამედ მათი შეხედულების გამო. ყველაზე სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს უწყება, რომელიც ხალხის გადასახადებით სულდგმულობს და რომელიც უნდა იყოს საერთო ღირებულება ყველასთვის - TRT თურქეთის საზოგადოებრივი ტელევიზია.
ეს რა ბრძანებაა? ხელოვანები არ გაჩუმდებიან. ხელოვნებას ვერ გააჩუმებ. იმიტომ, რომ ხელოვნება არა მხოლოდ ტაშის დროს, არამედ აკრძალვის დროსაც ხმაურობს. თუ ფიქრობთ, რომ ცენზურით შეგიძლიათ გააჩუმოთ ხელოვანი, გახსენით ისტორიის წიგნები და ჩახედეთ. ყველა ხელოვანი, რომლის დაშინებასაც ზეწოლით, მუქარით და აკრძალვებით ცდილობდნენ, თავის შემოქმედებამ უკვდავყო.," - წერს ერდალ ბაშიქჩიოღლუ სოციალურ ქსელში.
ავტორი: ნინო ზედგენიძე