ვებსაიტი, რომელზეც თანამდებობის პირთა დეკლარაციები ონლაინრეჟიმში იძებნებოდა, საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წლიდან ამოქმედდა და 2017-2022 წლებში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება საჯარო სამსახურის ბიურო იყო, კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1 სექტემბრიდან დეკლარაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება ანტიკორუფციული ბიურო გახდა.
ბიუროს ხელმძღვანელი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგორც ჩანს ამაზე საუბარს აპირებს ოლიგარქის პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიუროს სისტემები შეიქმნა დროის სხვადასხვა პერიოდში, დეველოპერების სხვადასხვა ჯგუფების მიერ, მონოლითური არქიტექტურის გამოყენებით, რაც ართულებს მათ ექსპლუატაციას და საჭიროების შემთხვევაში - ცვლილებების შეტანას. თავად ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდი 2023 წელს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერაა შექმნილი.
ანგარიშში წერია, რომ საინფორმაციო სისტემებთან მიმართებით ბიურო გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას, რის მოსაგვარებლადაც უწყებაში სპეციალური ჯგუფი შეიქნა, რომელიც უწყების კადრებით და მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. აღნიშნულია რომ დაწყებულია მუშაობა ერთიანი საინფორმაციო სისტემის შესაქმნელად, თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე საინფორმაციო სისტემების და სერვერების შესაძენად ტენდერი მხოლოდ დეკემბერში გამოცხადდა და ანტიკორუფციულმა ბიურომ სერვერების შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა შპს დელტა კონსალტინგთან და 94 600 ლარად შეიძინა სერვერი, შემნახველი მასივი და ქსელური შემნახველი მასივი.
რაც შეეხება დეკლარაციების მიუწვდომლობის საკითხს, ანგარიშში ამასთან დაკავშირებით შემდეგი სახის განმარტებაა გაკეთებული:
"საინფორმაციო სისტემებთან მიმართებით ბიურო გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სისტემები შეიქმნა დროის სხვადასხვა პერიოდში, დეველოპერების სხვადასხვა ჯგუფების მიერ; სისტემები შექმნილია მონოლითური არქიტექტურის გამოყენებით, რაც ართულებს მათ ექსპლუატაციას და საჭიროების შემთხვევაში - ცვლილებების შეტანას; სისტემები ერთმანეთთან არ/ვერ ცვლიან ინფორმაციას;
პლატფორმები, რომელთა გამოყენებითაც შექმნილია აღნიშნული სისტემები, მორალურად და ტექნიკურად მოძველდა, რაც ართულებს მათ ექსპლუატაციას; არ არსებობს სათანადო ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც დაინტერესებულ პირებს პროგრამული კოდის გარჩევის საშუალებას მისცემდა მისი შემდგომი მოდიფიცირებისათვის.
ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბიუროს საკუთრებაში არსებული სისტემები მოწყვლადია სხვადასხვა ცვლილებებისადმი და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის მის ნორმალურ ფუნქციონირებას. მსგავსი მოცემულობა, თავის მხრივ, უდიდეს გამოწვევას ქმნის ბიუროსათვის, მასზე კანონით დაკისრებული ფუნქციების განხორციელების პროცესში.
აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ელექტრონული სისტემის საკანონმდებლო ცვლილებებისადმი ადაპტაციის პროცესში, გარდაუვალი განგრძობადი ტექნიკური ჩარევების შედეგად, სისტემის კონკრეტული მოდულის ექსპლუატაცია გახდა შეუძლებელი, რამაც შეაფერხა დეკლარაციებზე ელექტრონული ფორმით წვდომის შესაძლებლობა გარე მომხმარებლების მხრიდან. წარმოქმნილ პრობლემასთან გამკლავების მიზნით, ბიუროში მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. ამ ეტაპზე უზრუნველყოფილია დეკლარანტთა შეუფერხებელი წვდომა სისტემაზე, ხოლო დეკლარაციების საჯარო ხელმისაწვდომობა, ელექტრონული ფორმით, აღდგენილი იქნება შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ.
საკითხის ინსტიტუციურ დონეზე გადასაჭრელად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული (მოძველებული) სისტემების ჩასანაცვლებლად და ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემების შესაქმნელად, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გათვალისწინებით, 2024 წლის დასაწყისში, ჩატარდა სიტუაციური ანალიზი და შეფასდა მისი შექმნის გზები და რესურსები. საბოლოოდ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შესაბამისი ტექნიკური გუნდის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც დაკომპლექტდა ბიუროში არსებული გამოცდილი კადრებითა და მოწვეული ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებით. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს და პროცესს გაცილებით მოქნილსა და ეფექტურს ხდის.
ერთიანი საინფორმაციო სისტემის შესაქმნელად დაწყებულია პროგრამირების თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების გამოყენება, რაც, ამავდროულად, გულისხმობს საინფორმაციო სისტემის მიკროსერვისებად დაყოფას - სერვისებზე ორიენტირებული არქიტექტურის გამოყენებით, ნაცვლად ერთიანი მონოლითური სისტემისა.
2024 წლის II კვარტალში, დაიწყო სხვადასხვა საინფორმაციო დეველოპმენტის პროცესი, კერძოდ: ბიუროს ელექტრონული პორტალი; თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ელექტრონული სისტემა; მხილების სისტემა; საჯარო დაწესებულებებში კორუფციის რისკების შეფასების ელექტრონული სისტემა.
2024 წელს, პარალელურ რეჟიმში, დაიწყო ათამდე დამხმარე ელექტრონული სისტემის დეველოპმენტის პროცესი. დამხმარე სისტემები მოემსახურება ყველა ახლადშექმნილ /განახლებულ ელექტრონულ სისტემას, უზრუნველყოფს ინფორმაციის ერთიანი სტანდარტით რეგისტრაციას და მიმოცვლას ელექტრონულ სისტემებს შორის."- აღნიშნულია ანგარიშში.