ცაჰკნამ თავის ქვეყანას მიხედოს; სანქციების დაწესება ტრაგიკულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ | კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სანქციების დაწესება არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს - ეს განცხადება მან უზენაეს სასამართლოში გააკეთა, სადაც მოსამართლეებს შეხვდა და დაადასტურა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა, სწორედ მოსამართლეების დასანქცირება იყო:

"...შევეხეთ, რა თქმა უნდა, სანქციებს, რომლებიც დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ. კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო ის, რომ ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს... ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე სანქციების დაწესება, რომელიც თავისი არსით უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ სანქციებს. უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთი რამ 20 წლის წინ... რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს ჩვენ დავუპირისპირდებით იმით, რომ კიდევ უფრო განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამას ალტერნატივა არ აქვს" - განაცხადა მან.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებას, რომელმაც ევროკავშირს მოუწოდა, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი.

"ეს კონკრეტული კაცი იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ეს არის ერთ-ერთ deep states-ის დავალების შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც შეშინდება. ცაჰკნამაც თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს.

მე მგონია, რომ აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს ეს საკითხი [ვიზალიბერალიზაციის შეჩერება] არის უბრალოდ რაღაც კონკრეტული დავალება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში," - თქვა კობახიძემ. 

კობახიძემ ტრადიციული პროპაგანდით ილაპარაკა ტრამპსა და Deep State-ის დამარცხებაზეც:

"არის 2 შესაძლო სცენარი, ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის კარგი სცენარი, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში, არის რისკი იმისა, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად, ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ ვერ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, ამბობს ის. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი