ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ანონიმურ წყაროზე, ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანი უკუაგდებს აშშ-ის მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ ან დაიბომბება. ირანის უზენაესი ლიდერი მეზობელ ქვეყნებს, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ჩარევის შემთხვევაში მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს.
წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მას სურს გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის მეშვეობით.
"ირიბი მოლაპარაკებები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ვაშინგტონის სერიოზულობა ირანთან პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ," - განაცხადა წყარომ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება მალე დაიწყოს, თუ მას აშშ დაუჭერს მხარს.
Reuters-ი ასევე წერს, რომ ირანმა ერაყზე, ქუვეითზე, არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, კატარზე, თურქეთსა და ბაჰრეინზე შეტყობინება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი მხარდაჭერა ირანზე აშშ-ის თავდასხმისთვის, მათ შორის მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება ამერიკელი სამხედროების მიერ თავდასხმის დროს, მტრულ აქტად ჩაითვლება.