ბრიტანეთის მოქალაქე აცხადებს, რომ მას საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევენ | დენიელ ტრევისის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად პოლიცია ფულს ითხოვს

გამოქვეყნდა:

28 წლის ბრიტანელი დენიელ ტრევისი აცხადებს, რომ მესაზღვრეები მას საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევენ. ბრიტანეთის მოქალაქე 2024 წლის დეკემბერში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 12 დღით დააკავეს. პროპაგანდისტულმა მედიამ მისი დაკავება გააშუქა, როგორც პროტესტში უცხო ძალების მონაწილეობის მტკიცებულება.

ლივერპულელმა ბარმენმა დენიელ ტრევისმა, რომელიც საქართველოში გამომგზავრებამდე 13 წელი ლონდონში ცხოვრობდა, საქართველოს საზღვარზე შექმნილ პრობლემებზე express.co.uk-თან ისაუბრა.

გამოცემა წერს, რომ  ციხიდან გამოსვლის შემდეგ დენიელ ტრევისმა აღმოაჩინა, რომ "პრო-პუტინისტური ხელისუფლების მხრიდან მასზე თვალთვალი მუდმივად გრძელდება და ის ფაქტობრივად შეიტანეს no-fly list-ში (იმ პირთა სია, ვისაც ქვეყნიდან გამგზავრება აკრძალული აქვს), რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია დატოვოს ქვეყანა. ის კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციელმა პრობლემის მოსაგვარებლად მას 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

"ჩემი ბარგი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა შეამოწმა, სკანერზე გაატარეს და ყველაფერი რიგზე იყო. შემდეგ წავედი პასპორტ-კონტროლზე, რომ გასვლის ბეჭედი ჩაერტყათ, მაგრამ იქ მითხრეს, რომ წასვლას ვერ შევძლებდი. მათ განმიცხადეს "თქვენ უნდა წახვიდეთ და მოაგვაროთ პრობლემა" , რომ ვკითხე, რა პრობლემა მომცეს ტელეფონის ნომერი რომელზეც უნდა დამერეკა.“

ტრევისის თქმით, აღნიშნული ნომერი აღმოჩნდა იმ პოლიციელის, რომელიც მას თბილისში ყოფნისას სახლიდან ყოველ გამოსვლაზე აჩერებდა და პასპორტს უმოწმებდა.

"მან მითხრა, რომ უნდა გადამეხადა 1000 ლარი,  მივედი პოლიციის განყოფილებაში, გადავიხადე 1000 ლარი, მაგრამ შესაბამისი ქვითარი არ მოუციათ, არ ვიცი, ის ფული თავისთვის დაიტოვა თუ არა, ეს უბრალოდ სასაცილოა."

თანხის გადახდის შემდეგ ტრევისმა ჩათვალა, რომ პრობლემა მოგვარდა და ქვეყნის დატოვებას ამჯერად ავტობუსით, თურქეთის საზღვრიდან შეეცადა. ის თურქეთში ავტობუსით ბათუმიდან გაემგზავრა, თუმცა საზღვარი არც ამ შემთხვევაში გადააკვეთინეს.

"მათ იგივე გააკეთეს, რაც თბილისში. ვიღაცას დაურეკეს და მითხრეს "თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ამ ადამიანს, უნდა წახვიდეთ ამ პოლიციის განყოფილებაში და მოაგვაროთ თქვენი პრობლემა“.

ამ შემთხვევაში, როგორც ტრევისი აცხადებს, მას 3000 ლარის გადახდა მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა, რადგან ჩათვალა, რომ ატყუებდნენ.

"უბრალოდ უარი ვუთხარი, დავბრუნდი ბათუმში და აღად დავკავშირებივარ პოლიციას. მე ვესაუბრე ბრიტანეთის საელჩოს და ახლა ისინი ცდილობენ ამაში გარკვევას."

ბრიტანული გამოცემა საქართველოს შესახებაც წერს და ოცნების ხელისუფლებას ღიად მოიხსენიებს პრორუსულად და პროპუტინისტურად

"მისტერ ტრევისის გაჭირვება დაემთხვა ძალადობრივ საპროტესტო აქციებს საქართველოში - სახელმწიფო შავიზღვისპირეთში, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ 2008 წლიდან. საპროტესტო გამოსვლები დაიწყო გასულ წელს პუტინის მომხრე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გაყინვას გულისხმობდა. მას შემდეგ ქვეყანას ახალი პრეზიდენტიც ჰყავს: მიხეილ ყაველაშვილი, მანჩესტერ სიტის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც პრორუს პოლიტიკოსად იქცა."- წერს გამოცემა.

საპროტესტო აქციები 120 დღეზე მეტია გრძელდება. 2024 წლის ბოლოს, მძვინვარე დემონსტრაციების დროს დენიელ ტრევისი ნიღბიანმა პოლიციელებმა დააკავეს და ბრალად ედებოდა რომ იყო უცხოელი ინსტრუქტორი, ჯაშუში და ცდილობდა ქვეყნის პარლამენტის შენობაში შეჭრას

"მე ბარიდან გამოვდიოდი და ქართულმა პოლიციამ დამაკავა და არ ვიცოდი რა ჯანდაბა ხდებოდა"- განუცხადა მან Daily Express-ს დეკემბერში. "ფაქტობრივად შემიყვანეს პარლამენტის შენობაში სადაც პრორუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ინტერვიუ ჩამომართვა.

ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს მე შევვარდი პარლამენტის შენობაში, რაც სისულელეა, რადგან შეუძლებელია პარლამენტის შენობაში შევარდნა, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან გარეთ ძალიან ბევრი პოლიციელი იყო.“

მისი თქმით, დაკავების შემდეგ მას სასტიკად მოექცნენ  და ფიზიკურად იძალადეს, ურტყამდნენ ყველგან, გარდა სახისა, რომ არ დამჩნეოდა. ფიზიკური ძალადობის გარდა, ტრევისი ირწმუნება, რომ სამი დღის განმავლობაში ციხეში საჭმელი არ მიუტანეს. ამასთან, ის ამბობს, რომ თბილისის ციხე ტარაკნებით იყო სავსე.

როგორც ის ამბობს, გისოსებს მიღმა ყოფნის დასრულებასთან ერთად მისი განსაცდელი არ დასრულდა და მას დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ყველგან თან დაჰყვებოდა მანქანა, რომლიდანაც უთვალთვალებდნენ.

ტრევისი შიშობს, რომ თუ იგი ვერ შეძლებს საქართველოდან გასვლას ვიზის ამოწურვამდე, ამ წლის 22 სექტემბრამდე, ის შეიძლება კვლავ დააპატიმრონ.

გამოცემის ინფორმაციით დენიელ ტრევისის საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან, როგორც მისი საცხოვრებელი რეგიონის წარმომადგენელი დეპუტატი, ასევე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი