22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული, ინტერპოლმა რუსეთში დააკავა | პროკურორი

გამოქვეყნდა:

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, ინტერპოლმა რუსეთში დააკავა - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან ვეფხვაძის თქმით, ამჟამად საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ისევ საერთაშორისო ძებნაშია ამავე საქმის კიდევ ერთი ბრალდებული, ალი გუსეინოვი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი პაპაშვილი დაკავებულია რუსეთის ფედერაციაში კონკრეტულად ინტერპოლის მიერ. ეს პროცესი ზოგადად დახურულია, შესაბამისად, დეტალებს ვერ შევეხები. ამ ეტაპზე მის მიმართ ექსტრადიციის საკითხია დაწყებული და სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ხდება" [IPN] თქვა პროკურორმა ვეფხვაძემ. 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დაკავებულებისა და ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

შეგახსენებთ, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემით მოკლეს. დანაშაული ორთაჭალაში მოხდა. მთივლიშვილის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. 

დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაშია სამი პირი - ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე და საბა რობაქიძე. მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. იგივე ბრალდება აქვს ძებნილ ალი გუსეინოვს, ხოლო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულია გიორგი პაპაშვილი. გუსეინოვი და  პაპაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და ქვეყნის დატოვება შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი