პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ამის შესახებ ოქრუაშვილის საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა.

გარდა ამისა, პროკურორის თქმით, გირაოს გარდა, ოქრუაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის აკრძალვა უნდა დაუწესდეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება წარედგინა. ის წულუკიანის "საგამოძიებო კომისიაზე" ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ყოფილმა მინისტრმა მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც წულუკიანმა პროკურატურას მიმართა, რომელმაც გამოძიება დაიწყო.

ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშიც დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.

ცნობისთვის, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აღნიშნული მუხლით ბრალდებულები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ აღკვეთის სახით, 50 000-50 000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი