თბილისის პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინა. მან უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ოქრუაშვილი წულუკიანის "საგამოძიებო კომისიაზე" ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც წულუკიანმა პროკურატურას მიმართა, რომელმაც გამოძიება დაიწყო.
„არავის აქვს არანაირი მორალური უფლება არანაირი არგუმენტით, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ ე.წ. კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ხარება დღეს, ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შენობაში და ზოგადად, ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ, მათთვის უცხოა ეს წესი და სწრაფი წესით წამიყენეს ბრალი. იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.
ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშიც დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ცნობისთვის, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
აღნიშნული მუხლით ბრალდებულები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ აღკვეთის სახით, 50 000-50 000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.