აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი თავდაცვისთვის 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავენ. ამის შესახებ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პიტ ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპი "აღადგენს ჩვენ [აშშ-ის] ჯარს - და სწრაფად".
"მალე: პირველი ტრილიონი დოლარი თავდაცვის დეპარტამენტს (P.S: ჩვენ ვაპირებთ, რომ ყოველი გადასახადის გადამხდელის დოლარი გონივრულად დავხარჯოთ - ლეტალობასა და მზადყოფნაზე)", - დაწერა ჰეგსეთმა.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია 1 ტრილიონი დოლარი მხოლოდ პენტაგონისთვის იქნება განკუთვნილი, თუ მთლიანი ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტისთვის, რომელიც სხვა სააგენტოებსაც მოიცავს.
"არავის უნახავს მსგავსი რამ. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ჯარი და ჩვენ ვითვალისწინებთ ხარჯებს, მაგრამ არმია არის ის, რაც ჩვენ უნდა ავაშენოთ. და ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.