დონეცკის რეგიონში, უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს 2 ჩინელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

დონეცკის რეგიონში, ბრძოლის დროს უკრაინელმა დამცველებმა ტყვედ აიყვანეს ორი ჩინელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ ჩინელი ჯარისკაცები დავიჭირეთ უკრაინის ტერიტორიაზე. დონეცკის რეგიონში ბრძოლისას. არის დოკუმენტები, არის მათი პასპორტები, არის საკრედიტო ბარათებიც კი. ესენი არიან ჩინეთის მოქალაქეები", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს დაავალა, დაუკავშირდნენ ჩინეთს ახსნა-განმარტების მისაღებად.

"ეს არის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც სამხედრო გზით უჭერს მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ეს არის კიდევ ერთი ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედროების შემდეგ. მაგრამ არის განსხვავება: ჩრდილოეთ კორეელები იბრძოდნენ ჩვენ წინააღმდეგ კურსკში, ჩინელები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ჩვენს პარტნიორებთან", - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჩინეთის დატყვევებული მოქალაქეები ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებიან. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი