ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) კონსერვატიულმა ბლოკმა, ასევე გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) ახალი მმართველი კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაასრულა. პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება ოთხშაბათს, 9 აპრილს, ბუნდესტაგში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს. კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები 2025 წლის 13 მარტს დაიწყო.
144-გვერდიანი შეთანხმების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას საექსპერტო კომისია ვალის მუხრუჭის მოდერნიზაციის მიზნით; („ვალის მუხრუჭი“ არის გერმანიის კონსტიტუციაში ფიქსირებული მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის მთავრობას ყოველწლიურად გაზარდოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 0,35%-ზე მეტად), გადასახადის შემცირება წელიწადში 1%-ით ხუთი წლის განმავლობაში, 2028 წლიდან; გააუქმონ გერმანიის მოქალაქეობის სამი წლის შემდეგ მიღების შესაძლებლობა, შემოიღონ ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური; შეამცირონ ბიუჯეტის ხარჯები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ნებაყოფლობითი დაფინანსება.
მომავალი კოალიციის პარტნიორებმა დიდი ყურადღება დაუთმეს არალეგალური მიგრაციის პრობლემას. მხარეებმა შეძლეს შეთანხმება, რომ გერმანიაში შემოსული პირები შეაჩერონ საზღვარზე, მაშინაც კი, თუ მათ თავშესაფარი მოითხოვეს. ოჯახების გაერთიანება ორი წლით შეჩერდება, ლტოლვილთა ნებაყოფლობით მიღების პროგრამები შეწყდება და გაფართოვდება დეპორტაციისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია. გარდა ამისა, გაძლიერდება კონტროლი გერმანიის საზღვრებზე.
ბუნდესტაგში ახალ მმართველ კოალიციას 630-დან 328 ადგილი ექნება.
მმართველი კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას ქრისტიან დემოკრატიული კავშირის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიას ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელსაც მოქმედება შეუძლია და ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ გერმანიას დაეყრდნონ. მერცის გამოსვლაში დიდი დრო დაუთმო მიგრაციის საკითხებს. მან პირობა დადო, რომ „ძირითადად დაასრულებს არალეგალურ მიგრაციას“ მკაცრი სასაზღვრო კონტროლის შემოღებით და ქვეყანაში მყოფთა ლეგალური საფუძვლის გარეშე რეპატრიაციის კამპანიით.
"იქნება კონტროლი ეროვნულ საზღვრებზე და ჩვენც უარს ვეტყვით თავშესაფრის მაძიებლებს."- განაცხადა მერცმა.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მერცმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკაც ახსენა. მისი თქმით, ამან გამოიწვია "ტურბულენტობა ფინანსურ ბაზრებზე" და გაურკვეველია სიტუაცია სადამდე მივა. საბოლოოდ, გერმანიის სავარაუდო მომავალმა კანცლერმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის "ყოვლისმომცველ მხარდაჭერას" .
გერმანული მედიის ცნობით, ახალი მთავრობის მინისტრთა კაბინეტში ადგილები ასე გადანაწილდება: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს, ოჯახის, ასევე ციფრული და სახელმწიფო მოდერნიზაციის ახალ სამინისტროს.
ქრისტიან-სოციალური კავშირი მიიღებს შინაგან საქმეთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. ხოლო სოციალ-დემოკრატიულმა პარტიის წევრები უხელმძღვანელებენ ფინანსთა, თავდაცვის, ეკონომიკური განვითარების, შრომის, გარემოს დაცვის, მშენებლობისა და იუსტიციის სამინისტროებს.