გერმანიის ახალი მმართველი კოალიცია, რომლის შემადგენლობაშიც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა (CDU), ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) კონსერვატიული ბლოკი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD)შედის, მიგრაციის პოლიტიკის სერიოზულ გამკაცრებას გეგმავს.
კოალიცია გეგმავს გააუქმოს დაჩქარებული მოქალაქეობის მიღების უფლება ქვეყანაში სამწლიანი ცხოვრების შემდეგ. შეთანხმდნენ, რომ გერმანიაში შესული პირები შეაჩერონ საზღვარზე, მაშინაც კი, თუ მათ თავშესაფარი მოითხოვეს. ოჯახების გაერთიანება ორი წლით შეჩერდება, ლტოლვილთა ნებაყოფლობით მიღების პროგრამები შეწყდება და გაფართოვდება დეპორტაციისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება დამნაშავეების დეპორტაცია ავღანეთსა და სირიაში. გერმანიის საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდება.
თუმცა, წინა ხელისუფლების მიერ მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი სხვა ცვლილებები, მათ შორის ხუთი წლის შემდეგ ნატურალიზაციის უფლება და ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობა, ძალაში დარჩება.
გერმანიის სავარაუდო მომავალმა კანცლერმა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარემ ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ დიდწილად ბოლოს მოუღებს არალეგალურ მიგრაციას, მკაცრი სასაზღვრო კონტროლის შემოღებით და ქვეყანაში ლეგალური საფუძვლის გარეშე მყოფთა რეპატრიაციის კამპანიით.
"იქნება კონტროლი ეროვნულ საზღვრებზე და ჩვენც უარს ვეტყვით თავშესაფრის მაძიებლებს,"- განაცხადა მერცმა.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარემ ლარს კლინგბაილმა აღნიშნა, რომ "თავშესაფრის ფუნდამენტური უფლება რჩება ურყევი" და გერმანია "იმიგრაციის ქვეყნად რჩება". ამასთან, მისი თქმით, ახალი ხელისუფლება ამ სფეროში წესრიგის აღდგენასა და კონტროლის გაძლიერებას აპირებს.