დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 98-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ამ პირთა სრულ სიას აქვეყნებს. დასანქცირებულები არიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.
ანონიმური სანქციები
შეერთებულმა შტატებმა დააწესა დამატებით სავიზო შეზღუდვები 100-ზე პირზე, მათ შორის არიან: პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოების მაღალჩინოსნები, კორუმპირებული ბიზნეს ლიდერები, პროპაგანდისტები, ზოგიერთი კერძო მოქალაქე და ყველა ამ პირის ოჯახის წევრები. ამ პირების სახელები არ გასაჯაროებულა სავიზო კონფიდენციალურობის კანონმდებლობის გამო.
ლატვიამ 2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს 13 მოქალაქეზე დამატებითი სანქციები (სამოგზაურო შეზღუდვები) გამოაცხადა; თუმცა, მათ ამ პირების ვინაობა ჯერ არ დაუკონკრეტებიათ.
2025 წლის 3 მარტს ბალტიის ქვეყნებმა ჯამში 145 პირს დაუწესეს სამოგზაურო შეზღუდვა. ლიეტუვა და ლატვიის მიერ დასაქნცირებული 90 პირის ვინაობა უცნობია, ხოლო ესტონეთის მიერ დასანქცირებული დარჩენილი 55 პირის ვინაობა აღბეჭდილია საინფორმაციო ბარათზე.
სანქციები დააწესა გერმანიამაც. 2024 წლის 31 დეკემბერს, ქვეყანაში შესვლა აეკრძალა საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“. მათი ვინაობა ამ დროისთვის არ არის ცნობილი. 2025 წლის 24 მარტს, გერმანიამ დამატებითი დააწესა სამოგზარუო შეზღუდვები, თუმცა სანქცირებულთა რაოდენობა და ვინაობა უცნობია.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა დღეს, 10 აპრილს ფინანსური სანქციები დაუწესა გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს, შსს-ს მინისტრის პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესა და გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძეს.