NATO-ში ვარაუდობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მომავალში ომი კოსმოსში აწარმოოს და ბირთვული იარაღი კოსმოსური თანამგზავრების წინააღმდეგ გამოიყენოს.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობას". - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ყოველკვირეულ გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში.
რუტემ აღნიშნა, რომ მოსკოვის შესაძლებლობები კოსმოსში ამჟამად მოძველებულია და არ შეესაბამება დასავლეთის დონეს.
"ამიტომ კოსმოსში ბირთვული იარაღის შექმნა არის გზა რუსეთისთვის, რომ გააძლიეროს თავისი პოტენციალი. ეს არის სერიოზული შეშფოთების საგანი და წარმოადგენს 1967 წლის კოსმოსური ხელშეკრულების დარღვევას", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მარკ რუტეს თქმით, ნატოს ქვეყნები ემზადებიან ახალი გამოწვევებისთვის კოსმოსში - აზიარებენ სადაზვერვო ინფორმაციას, ქმნიან ეროვნულ კოსმოსურ სარდლობას და მუშაობენ უფრო კომპაქტური, მანევრირებადი და უსაფრთხო თანამგზავრების შექმნაზე.
"კოსმოსს დიდი მნიშვნელობა აქვს ნატოს შეკავებისა და თავდაცვისთვის," - აღნიშნა მარკ რუტემ.
"ბოლო წლებში სივრცე უფრო დატვირთული, საშიში და არაპროგნოზირებადი გახდა. ჩვენ ვიცით, რომ კონკურენცია კოსმოსში სულ უფრო ინტენსიური ხდება - და არა მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით. ეს გავლენას ახდენს მთელ ჩვენს უსაფრთხოებაზე", - აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა.
რუტემ ასევე პირველად ისაუბრა არქტიკის თანამგზავრული მონიტორინგის გაფართოებაზე.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი და რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებენ ახალ საზღვაო გზებს და ახდენენ არქტიკის ნაწილების მილიტარიზაციას. თანამგზავრებს შეუძლიათ დაგვეხმარონ ხმელეთზე და ზღვაზე გადაადგილების მონიტორინგსა და ჩვენი ჯარების საიმედო და უსაფრთხო კომუნიკაციების უზრუნველყოფაში," - განაცხადა რუტემ.