საერთაშორისო ფოტოკონკურსის, World Press Photo-ს ორგანიზატორებმა კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალება TASS-ის ფოტოჟურნალისტს, მიხაილ ტერეშჩენკოს დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების მიწვევა გაუუქმეს. ორგანიზატორებმა მიზეზად „ევროპის კონტინენტზე გაზრდილი დაძაბულობა“ დაასახელეს.შესაბამისად, რუსი ფოტორეპორტიორი მაისში, ამსტერდამში გასამართ ღონისძიებას ვეღარ დაესწრება.
ევროპის კონტინენტზე გაზრდილი დაძაბულობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ჩვენ აღარ შეგვიძლია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული ორგანიზაციიდან სტუმარს ვუმასპინძლოთ. შედეგად, მიხაილ ტერეშჩენკო აღარ არის მიწვეული გამარჯვებულთა პროგრამასა და დაჯილდოების ცერემონიაზე ამსტერდამში." ნათქვამია World Press Photo-ს განცხადებაში.
საკონკურსო ფოტოები კი რომელიც ტერეშჩენკომ გადაიღო, თბილისის აქციებს უკავშირდება. ფოტოებმა რეგიონალური შერჩევისას ერთ-ერთ კატეგორიაში გაიმარჯვა და World Press Photo-ს კონკურსში, „წლის ფოტოს“ ტიტულისთვის უნდა ებრძოლა.
World Press Photo-ს ერთობლივი წერილით მიმართეს ქართველმა ფოტოგრაფებმა, სადაც ისინი აპროტესტებდნენ რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლის ჯილდოს საქართველოს პროტესტის თემაზე:
“კრემლის ნარატივების მომხრე ფოტოგრაფის დაჯილდოება ანტირუსული აქციების გაშუქებისთვის არა მხოლოდ სადავო და წინააღმდეგობრივია, არამედ პირდაპირი შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვიან რუსეთის ჩარევას საქართველოს სუვერენიტეტსა და მის მომავალში”, - აცხადებდნენ ქართველი ფოტოჟურნალისტები და ფოტოდოკუმენტალისტები