"მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო" | SJC

გამოქვეყნდა:

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამყვანების: ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო და ეს ღიად არღვევს ჟურნალისტების შრომის, გამოხატვისა და თანასწორობის უფლებებს.

მათი თქმით, მთლიანობაში, მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციით დაცულ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური კონტროლის მოპოვებისა და მიტაცების უმძიმეს რეალობას აჩვენებს, რაც საქართველოში მედიის გაუარესებული მდგომარეობის ფონზე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შემაშფოთებელი ტენდენციის გამოვლინებაა.

"აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების უკანონო, დისკრიმინაციული დევნა, რაც პირდაპირ უკავშირდება მათ მიერ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას. განსხვავებული მოსაზრებების გამო თანამშრომლების გათავისუფლება და დისციპლინური სანქცირება წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობასა და შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მოვლენები - მათ შორის მაუწყებლის ძველ შენობასთან მიმდინარე უწყვეტი პროტესტი და მასზე არხის მენეჯმენტის რეაგირება - ნათლად მიუთითებს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას: იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტების შესრულება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის.მისი მოშლა, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისის დროს, კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ინტერესების გამოხატვასა და დაცვას.

არხის მენეჯმენტის მიერ თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დევნა და კრიტიკულად განწყობილი, პროფესიონალი ჟურნალისტების საქმიანობიდან ჩამოშორება უმძიმესი ლაქაა მაუწყებლის ისტორიაში. ეს პროცესები მკაფიოდ აყენებს დღის წესრიგში მენეჯმენტის ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის საკითხს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს გათავისუფლებულ ჟურნალისტებს და მზად არის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.

წამყვანები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 11 აპრილს გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი