ნიუ-იორკის შტატის დედაქალაქ ოლბანიდან სამხრეთით, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ და პოლიციამ განაცხადეს.
შემთხვევა გუშინ ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:15 საათზე მოხდა. ბორტზე სულ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. კოლუმბიის ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით, თვითმფრინავი კოლუმბიის ოლქის აეროპორტისკენ მიემართებოდა.
შერიფის მოადგილის განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე უამინდობის გამო სამაშველო სამუშაოები ფერხდება.
ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა და არიან თუ არა სხვა დაშავებულები ან დაღუპულები.