გალუზინი: საქართველოს ხელმძღვანელობამ გონივრული განცხადებები გააკეთა ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე; მზად ვართ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი "ქართული ოცნების" პოლიტიკით კმაყოფილია, იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას "ბოდიშის მოხდაზე" და იმედოვნებს , რომ ეს "დადებითი სიგნალები კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება".

რუსულ მედიასთან ინტერვიუში, ლავროვის მოადგილე ამბობს, რომ  "მზად არიან, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად".

"გასულ შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ ძალიან გონივრული განცხადებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ. როგორც მე მესმის, ოფიციალურ თბილისს იგივე დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის მიმართ. და ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის... ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება....

რუსულმა მხარემ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აღდგა. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ის. ჩვენ მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს." ამბობს გალუზინი.

ის "საჭიროების შემთხვევაში", საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის გაფართოებასაც არ გამორიცხავს. ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ამოქმედებაზე კი ამბობს, რომ "იმედი აქვს, ამ საკითხში შენარჩუნდება პრაგმატიზმი და საღი აზრი, რომელიც დღეს აშკარად ჭარბობს თბილისში":

"ჩვენ არ განვიხილავთ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, როგორც საქართველოსთან ჩვენი საჰაერო მიმოსვლის პრობლემებთან კავშირს. ეს სრულიად დამოუკიდებელი თემაა.... მე მოველი, რომ ქართული მხარე, თავისი თანდაყოლილი პრაგმატიზმითა და რუსეთთან კავშირების მნიშვნელობის გაგებით, გააგრძელებს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას იქ, სადაც ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა" ამბობს გალუზინი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი