ევროკომისია რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის დეტალურ სტრატეგიას 6 მაისს გამოაცხადებს. ინფორმაციას Reuters ევროკავშირში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია საშუალება წერს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა აიღო ვალდებულება, 2027 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე უარი თქვას. თუმცა, ევროკომისიამ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის თანდათანობითი შეწყვეტის "საგზაო რუკის" გამოქვეყნება გადადო - დოკუმენტის გამოქვეყნება თავდაპირველად გასულ თვეში იგეგმებოდა. გეგმის გამოქვეყნება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გამო გადაიდო.
გარდა ამისა, ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებია სანქციები რუსული გაზის იმპორტზე. შეზღუდვები მხოლოდ რუსულ ნავთობზე დაწესდა. ამასთან, ევროკომისიას ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ რა ინსტრუმენტებს შეიმუშავებენ რუსული ენერგორესურსების მიტოვების პროცესის დასაჩქარებლად. Reuters-ის ცნობით, რუსულ გაზზე სრული უარის თქმა ევროკავშირის მომწოდებლებისგან, მათ შორის შეერთებული შტატებისგან, შესყიდვების ზრდას ნიშნავს.