პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ, მისი მონაწილეობითა და დასტურით შედგა პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმატში შეთანხმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა. ცქიტიშვილი თვლის, რომ კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი.
"მინდა ჩემი მხრიდან განვმარტო იმის შესახებ, თუ რა შეთანხმება შედგა კოორდინაციის ფორმატში.
კოორდინაციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება მართლაც შედგა — ჩემი მონაწილეობითა და ჩემი დასტურით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა.
მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ არ მისვლა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.
თუმცა, ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება — განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა 20 ივნისი, ჩორჩანა, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება. ეს თემები სცდება პარტიულ ჩარჩოებს და განეკუთვნება უფრო მაღალი, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს.
ეს ფაქტორები მე უნდა გამეთვალისწინებინა, როდესაც შეთანხმებას ვუერთდებოდი, და ვწუხვარ თუ ამით კოორდინაციის ფორმატი დავაზიანე.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — მათ შორის, პოზიტიური შეფასებებიც — მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიაში სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი." წერს გახარიას პარტიის წევრი, რომლის ლიდერიც, გუშინ, 14 აპრილს წულუკიანის კომისიაზე გამოკითხეს.