აშშ-მა უკრაინასთან კრიტიკული მინერალების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გასულ კვირას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დაწყებიდან კიევისთვის გაწეული დახმარების მათ მიერ განსაზღვრული ღირებულება 300 მილიარდი დოლარიდან 100 მილიარდამდე შეამცირა. ამგვარად, ეს თანხა უკრაინის მიერ დასახელებულ თანხასთან არის ახლო, რომელიც 90 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის ტექნიკურ დონეზე გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო. ამერიკული მხარე ამბობს, რომ წიაღისეულზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ.
"ტრამპის ადმინისტრაცია კიევზე ზეწოლას ახდენს, რათა მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის მომავალი საინვესტიციო პროექტებიდან, მათ შორის წიაღისეულსა და ინფრასტრუქტურაში, შემოსავლების განაწილებაზე. ვაშინგტონი ამას განიხილავს, როგორც კომპენსაციას ათობით მილიარდი დოლარის იარაღისა და სხვა დახმარებისთვის, რომელიც კიევს წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს მიეცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამ წელზე მეტი ხნის წინ სრულმასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო", - წერს Bloomberg-ი.