აშშ-მა შესაძლოა ჩინეთისთვის ტარიფი 245%-მდე გაზარდოს. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, "განთავისუფლების დღეს", პრეზიდენტმა ტრამპმა ყველა ქვეყანას 10%-იანი ტარიფი დაუწესა და ინდივიდუალურად გაზარდა საპასუხო ტარიფები იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც აშშ-ს ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს, რათა თანაბარი პირობები შეიქმნას და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება იყოს დაცული.
ადმინისტრაციის ცნობით, 75-ზე მეტი ქვეყანას უნდა ვაშინგტონთან ახალი სავაჭრო შეთანხმებების განხილვა, რის შემდეგაც ტრამპმა დროებით შეაჩერა ინდივიდუალური ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებებზე დათანხმდნენ - გამონაკლისი იყო ჩინეთი, რომელმაც საპასუხო ზომები მიიღო.
საპასუხო ქმედებების შედეგად, ჩინეთს ამჟამად შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე 245%-მდე ტარიფი ემუქრება. ამჟამად ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფი მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. მოგვიანებით ჩინეთმა ამერიკას საპასუხო 34%-იანი ტარიფები დაუწესა, რამაც ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია. მან განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ტარიფების დაწესებაზე უარს არ იტყოდა, ბეიჯინგის წინააღმდეგ დამატებით ტარიფებს დააწესებდა. უკვე 9 აპრილს ტრამპმა ჩინეთს ტარიფები გაუზარდა, ხოლო 10 აპრილს ტრამპმა ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ.