"ოცნების" პარლამენტმა ნარკოდანაშაულზე კანონპროექტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პარლამენტმა ნარკოდანაშაულის შესახებ კანონი საბოლოოდ, მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლები მკაცრდება. კერძოდ, მიდგომა მკაცრდება როგორც ნარკოტიკების ფლობისა და გასაღებისთვის, ასევე ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართაც.

"ოცნების" პარლამენტის დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ანტინარკოტიკული კანონის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატება. ამ ცვლილების შესახებ 17 მარტს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ცვლილების თანახმად, "სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვა სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და იქნება სისხლის სამართლის კატეგორია".

უფრო კონკრეტულად, გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის.

ასევე იცვლება, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა.

იზრდება ჯარიმის ოდენობა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა მცირე ოდენობით ნარკოტიკის ფლობის ან მოხმარების შემთხვევაში. ნარკოტესტირებაზე 2-ჯერ თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი