ჰარვარდის უნივერსიტეტმა შესაძლოა უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლებლობა დაკარგოს, თუ ის არ დააკმაყოფილებს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნას, გაუზიაროს მათ ზოგიერთი სასწავლო ვიზის მფლობელის შესახებ ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ეროვნული უსაფრთხოების მდივანზე, კრისტი ნოემზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნოემის განცხადებით, მან ჰარვარდის უნივერსიტეტს წერილი გაუგზავნა და უცხოელი სტუდენტური ვიზის მფლობელების "უკანონო და ძალადობრივი საქმიანობის" შესახებ, 30 აპრილამდე, ჩანაწერები მოსთხოვა.
"თუ ჰარვარდი ვერ დაადასტურებს, რომ მოთხოვნების შესრულება შეუძლია, უნივერსიტეტი დაკარგავს უცხოელი სტუდენტების მიღების პრივილეგიას," - განაცხადა მან.
ჰარვარდის წარმომადგენლის განცხადებით, უნივერსიტეტი კვირის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებას კვლავ ინარჩუნებს და "არ დათმობს თავის დამოუკიდებლობას ან კონსტიტუციურ უფლებებს".
ასევე, ნოემმა ოთხშაბათს ჰარვარდისთვის DHS-ის ორი გრანტის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება 2.7 მილიონ დოლარს აჭარბებს.
გასული თვის ბოლოს ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჰარვარდისთვის გამოყოფილ 9 მილიარდი დოლარის ფედერალურ კონტრაქტებსა და გრანტებს განიხილავდა, რადგან მისი განცხადებით, უნივერსიტეტის კამპუსებში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაძლიერდა. მოგვიანებით ტრამპმა შეზღუდვების დაწესება მოითხოვა, მათ შორის პირბადეების ტარების აკრძალვა და მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამების გაუქმება, რათა უნივერსიტეტმა ფედერალური დაფინანსების მიღება გააგრძელოს. კვირის დასაწყისში ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდს 2.3 მილიარდი დოლარის დაფინანსება გაუყინა.
აშშ-ის მთავრობამ ასევე გაყინა ან გაუუქმა დაფინანსების ნაწილი ისეთი უნივერსიტეტებს, როგორიცაა კოლუმბიის, პრინსტონის, ბრაუნის, კორნელის და ნორთვესტერნის უნივერსიტეტები.