უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა. ინფორმაციას Kyivindependent-ი ავრცელებს. კერძოდ, საფრანგეთის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ჩავიდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვაა.
"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების სერია უსაფრთხოების გარანტირების მსურველთა და შესაძლებლობის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის საფრანგეთთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან... ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან", - დაწერა ერმაკმა X-ზე.
მედიის ცნობით, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით შექმნილი "მსურველთა კოალიცია", რომელიც დაახლოებით 30 ქვეყანას მოიცავს, მარტში შეიქმნა, რათა უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში. კოალიციის 6 წევრი, როგორც ამბობენ, მზადაა ზავის მონიტორინგისთვის თავისი ჯარები ადგილზე განათავსოს.
ცნობისთვის, საფრანგეთი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და სპეციალურ წარმომადგენელს სტივ ვიტკოფს მასპინძლობს.