პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ქვეყნის ევროპული მომავლის აღსადგენად, მიზნის მისაღწევად კი პარტია თანამშრომლობას აგრძელებს.
"ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. მათ შორის, პირველ რიგში, სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზით, ქვეყნის ევროპული მომავლის აღსადგენად.
ამ მიზნების მისაღწევად, პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ კოორდინაციის ფორმატში და ვაგრძელებთ თანამშრომლობას," - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კოორდინაციის პლატფორმის ფორმატში პარტიებს შორის წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება შედგა, თუმცა შეთანხმების შემდეგ გიორგი გახარია ე.წ. კომისიაზე მივიდა.
მოგვიანებით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ, მისი მონაწილეობითა და დასტურით შედგა პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმატში შეთანხმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა.