"ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგანიჭეთ, მას შემდეგ ურთიერთობა გაუარესდა, თან უჩვეულო სისწრაფით და ახლა კრიზისში ვართ" - ამბობს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი bm.ge-სთან ინტერვიუში და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა:
"ვცდილობთ, გადავწყვიტოთ რა ვქნათ, გვსურს იქ დაბრუნება, სადაც აქამდე ვიყავით. არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა. ამის მიუხედავად უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია, ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა, ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ უნდა შევხედოთ კიდევ არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ. გვიხარია ქართველი ხალხის ჩამოსვლა, მაგრამ თუ ქვეყანა იცვლის საკუთარ ფუნდამენტს, ასევე არის მიგრაციის საკითხი, მაშინ ეს თემა ხელახლა უნდა განვიხილოთ", - ამბობს პეტერ ფიშერი.
დიპლომატი ეხმაურება "ოცნების" პროპაგანდასაც:
"თითქმის ერთი წლის წინ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ახლა საბჭოთა კავშირი ვართ?! "დიფ სთეითი" ვართ?!... მე არ ვარ გლობალური ომის პარტია, არც "დიფ სთეითი". 39 წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობაში ვიყავი და "დიფ სთეითი" არ მინახავს - ამბობს დიპლომატი.
რაც შეეხება ურთიერთობებს, "ოცნების" მთავრობასთან, პეტერ ფიშერს თქმით, ამ ეტაპზე მათთან პირდაპირი საუბრები არ აქვთ:
"ევროკავშირს აქვს ინსტრუქცია საკუთარი ინსტიტუტებისთვის და წევრი ქვეყნებისთვის რომ არ გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან, მანამდე სანამ არ მოგვარდება მიმდინარე კრიზისი. გერმანია და ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მიჰყვება ამ მოწოდებას. ბოლოს მაღალი დონის შეხვედრა გვქონდა მაშინ, როცა პრემიერი იყო ბერლინში, ეს ხდებოდა არჩევნებამდე. ასევე დავამატებ სანქციებთან დაკავშირებით, 13 პირს დავუწესეთ სანქციები. ისინი ჩვენი შეფასებით, პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. სანქცია გულისხმობდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, რადგან არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ", - აცხადებს ელჩი.