მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს თქმით, კრემლს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის გზით, მოლდოვაში ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ ქვეყნის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება სურს. ამის შესახებ სანდუმ ტელეკომპანია Jurnal TV-ს ეთერში განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა რჩება მოლდოვის ფარად და კიშინიოვის ხელისუფლებას აქვს მორალური ვალდებულება, არ დაუშვას მოლდოვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ. კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება მოლდოვას გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ, სანდუმ განაცხადა, რომ მოსკოვი დიდ ძალისხმევას იჩენს მოლდოვაში არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენისთვის.
"ჩვენ ვნახეთ ეს უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელს და აშკარაა, რომ წელს ის შეეცდება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე. კრემლის ფსონი არის ჩაანაცვლოს ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ ადამიანებით, რომელთა კონტროლიც შეუძლია. და ეს არ ეხება მხოლოდ მოლდოვას, რადგან რუსეთის ინტერესი ახლა უკრაინაა.“
მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ რუსეთი შეეცდება მოლდოვის ომში ჩათრევას.
"ჩვენ გვაქვს 1200 კილომეტრიანი საზღვარი უკრაინასთან. წარმოიდგინეთ, რომ ერთ ღამესაც ეს მეგობარი ქვეყნის საზღვარი გადაიქცევა მოსკოვის კონტროლირებად ქვეყნის საზღვრად. რა თქმა უნდა, აქ არის რისკები უკრაინისთვის, მაგრამ ამავდროულად, რისკები იზრდება მოლდოვისთვის", - დასძინა სანდუმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ უნდა დაუშვან, არა მხოლოდ იმისთვის რომ მოლდოვის მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, არამედ იმისთვისაც, რომ უკრაინაში ვითარება არ გართულდეს.
"ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, დავრჩეთ სწორ მხარეს, დავრჩეთ მეგობარ ქვეყნად", - აღნიშნა სანდუმ.
საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში შესაძლოა 28 სექტემბერს ჩატარდეს.