ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ Reuters-ის წყარო ადგილობრივ პოლიციაში იუწყება, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმა მოხდა პაჰალგამის მთავარი გზის მიმდებარედ ბაისარანში, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია. ამ ადგილს ადგილობრივ შვეიცარიას ეძახიან და მას ხშირად ასახავდნენ ბოლივუდის ფილმებში. მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ფეხით ან ცხენით. მოსახლეობა ძირითადად მუსლიმია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ 2-3 იყო, ამასთან მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ და მხოლოდ დაშავებულების შესახებ იტყობინებიან, რომელთა შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ინციდენტს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და სამძიმარი გამოუცხადა მათ, ვინც ახლობლები დაკარგეს, მაგრამ არ დააკონკრეტა მსხვერპლთა რაოდენობა.