რუსეთში, ვლადიმირის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში აფეთქების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მიმდინარეობს ევაკუაცია

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ვლადიმირის ოლქის კირჟაჩის რაიონში, სადაც აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ორ დასახლებულ რაიონში, ბარსოვოსა და მირნიში, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. რუსეთის უსაფრთხოების ძალებთან დაახლოებული ტელეგრამ არხი Baza წერს, რომ შვიდ დასახლებულ პუნქტში ევაკუაცია მიმდინარეობს.

მანამდე კი, ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ავდეევმა განაცხადა, რომ „აფეთქება მოხდა კირჟაჩის რაიონში“. მან სხვა დეტალები არ დააკონკრეტა.

ადგილობრივი გამოცემა Зебра TV მოქალაქეებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მათ აფეთქებების ხმა ისმოდა და ძლიერი კვამლი შეინიშნებოდა სოფელ ბარსოვოს მიდამოებში, რომლის მახლობლადაც სამხედრო ნაწილი და სარაკეტო არსენალია განთავსებული. მედიის ცნობით, შესაძლოა, საუბარი იყოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის 51-ე არსენალზე, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესია.

რუსეთის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ საბრძოლო მასალა ვლადიმირის რეგიონში სამხედრო ნაწილში ხანძრის შედეგად აფეთქდა. თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი