ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ აშშ რუსეთზე ზეწოლის ყველა ინსტრუმენტს არ იყენებს და რომ მოსკოვმა „სააღდგომო ზავით ითამაშა“, რადგან სინამდვილეში მშვიდობა არ სურს.
„მათ არ დაიცვეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ცხადია, რომ რუსეთი თამაშობს, დროს აყოვნებს და სინამდვილეში მშვიდობა არ სურს“, - განუცხადა მან AFP-ს.
კალასის თქმით, კიევი და მისი ევროპელი მხარდამჭერები იმედოვნებდნენ, რომ ვაშინგტონი მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებდა.
„მათ ხელში აქვთ ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად. თუმცა, ისინი არ გამოიყენეს“, - ამბობს კაია კალასი.
ევროპელი დიპლომატის თქმით, ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების განხილვა სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, ვაშინგტონის მხრიდან შეცდომა იქნებოდა. კალასი ამბობს, რომ ევროკავშირი ნახევარკუნძულს რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებს - "ყირიმი უკრაინაა" - დასძინა კაია კალასმა.