გიორგი ჩხეიძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. მას 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას ედავებიან. ჩხეიძე დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ჯარიმა, ან 2 თვემდე პატიმრობა ემუქრება. გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს, თუმცა როდის გაიმართება პროცესი, ჯერ უცნობია.
ჩხეიძე საქალაქო სასამართლოსთან დღეს დააკავეს. ის რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმაა.
შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, საბა სხვიტარიძის საქმის მოწმე სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას სხდომათა დარბაზიდან ხმაური მოჰყვა. მოწმე ედიშერაშვილი პოლიციის კორდონით გამოაცილეს, მის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფდა რამდენიმე სამართალდამცველი, თუმცა ედიშერაშვილს მაინც ეძახეს მონა და მატყუარა. ამის შემდეგ ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ჩხეიძე მანქანაში ჩატენეს.