დღეს, საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულ გიორგი ჩხაიძეს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. ჩხაიძე ადვოკატმა მარიკა არევაძემ იზოლატორში მოინახულა. როგორც ის ამბობს, დაზიანებები ჩხაიძემ ძალადობრივი დაკავების დროს მიიღო. მისივე ინფორმაციით, იზოლატორში არ არის ჩხაიძის პირადი ნივთები:
"გიორგის აღენიშნება არაერთი დაზიანება, მათ შორის თავის არეში, მხარზე და მუხლზე, რომლებიც არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაკავების დროს აქვს მიღებული... თავად გიორგიმ დაასურათებინა ეს და მტკიცებულებებით დადასტურდება...
დაკავების მომენტში მას თან ჰქონდა ტელეფონი და აქსესუარები, მათ შორის, ბეჭდები, რომლებიც არ დაულუქავთ, რომ მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ იზოლატორში არ არის" ამბობს არევაძე "ტვ პირველის" ეთერში.
გიორგი ჩხაიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და პოლიციის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას ედავებიან. მას ჯარიმა, ან 2 თვემდე პატიმრობა ემუქრება. გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.