გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, როცა ადამიანებს აკავებენ თუნდაც საფეხმავლო ბილიკზე, ტროტუარზე, ადამიანებს აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ გააჩნიათ და ა.შ. ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა:
„მინდა გითხრათ ჩემი აღშფოთება და ჩვენი, როგორც „წინააღმდეგობის პლატფორმის“ პოზიცია იმის გამო, რაც ხდება სააღდგომო პერიოდში. დიდი შვიდეულის დროს, როცა ყველა ქვეყანაში ამ დროს მიღებულია ლმობიერება მათ მიმართ, ვინც ციხეში ზის. ჩვენთან ეს არ ხდება. ერთი მხრივ, ეს ძალიან გასაგებია იმიტომ, რომ ასე იქცევა რუსეთი და ვნახეთ დაბომბვები უკრაინის მისამართით - სწორედ იმ დღეებში, რომელიც არის საზეიმო და ქრისტიანული ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რუსეთი აძლიერებს თავის შეტევას და იერიშს. ჩვენი, აქაური რუსული რეჟიმიც ასევე იქცევა თავისი მოსახლეობის და საზოგადოების წინააღმდეგ. აღდგომა დღეს, ორშაბათს გაახშირა დაკავებები - ყველაზე უსუსურ პირობებში. საერთოდ არავინ არაფერს არღვევს იმიტომ, რომ პირველივე დღიდან, ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ აქ უკვე გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, როცა ადამიანებს აკავებენ თუნდაც საფეხმავლო ბილიკზე, ტროტუარზე, ადამიანებს აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ გააჩნიათ და ა.შ. ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით და სწორედ ამისთვის გამოყენებული არის ეს პერიოდი, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის უნდა იყოს ცოტა სხვა დატვირთვის, მაგრამ ამას ვერ მოვთხოვთ რუსულ რეჟიმს." თქვა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის კამპანია არა ევროპიდან, არამედ "ოცნების" რეჟიმიდან მოდის:
"ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივ არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, აღარაფერი დაგრჩებათ და გამოყენებულია საზოგადოებაზე მორალური წნეხი. მაგრამ, მთავარი რაც არის, ეს კამპანია არ მოდის არც ბრიუსელიდან, არც რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, ეს მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია... ხან ყოველდღიურად ლანძღავენ ევროპის დედაქალაქებს, აქაურ ელჩებს, მუქარის ტონით ესაუბრებიან. ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებულ იქნა გასული წლის 28 ნოემბერს და მივდივართ იქითკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. " განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.