"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძის ძმას იმ პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, რომლის გამოც, საბა სხვიტარიძეს ბრალი აქვს წაყენებული:
"დეტექტივების სამმართველოდან დამირეკეს მირიან ქავთარაძეს შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოში და გამოკითხვაზე ხართ დაბარებული გამოძიება დავიწყეთო.
ანუ მირიან ქავთარაძე, რომელიც ე.წ დაზარალებულია საბას საქმეში და 17 აპრილს ცრუ ჩვენებაც მისცა, სამსახურში დაბრუნდა და თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს საბას ოჯახის წევრების და მეგობრების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა.
მხოლოდ მე არა, საბას პროცესზე ვინც იყო თითქმის ყველას დაურეკეს.
მირიანი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, მთლად ვერ გვაწამებს , მაგრამ ადმინისტრაციული წესით მისი დეპარტამენტი გაგვასამართლებს. დიქტატურა მეტი არაფერია." წერს სოციალურ ქსელში თორნიკე სხვიტარიძე.
ჯამში, მირიან ქავთარაძის "შეურაცხყოფისთვის" 3 ადამიანის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება. ესენი არიან: პარტია "ახალის" პრესსამსახური მირანდა ბაღათურია, "გირჩი - მეტი თავისუფლების" პრესსამსახური ანა ყურაშვილი და საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე.
სხვიტარიძის საქმის მოწმე და "დაზარალებული" პოლიციელი მირიან ქავთარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობიდან, სადაც მან ჩვენება მისცა, 17 აპრილს საპროტესტო შეძახილებით გააცილეს.
შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
რეჟიმის პროკურატურის მტკიცებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი გაუტყდა. სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.