სტამბოლში ძლიერი მიწისძვრის გამო სკოლები 2 დღით იხურება | რა ვითარებაა გზებსა და აეროპორტებში

გამოქვეყნდა:

თურქეთის განათლების მინისტრის იუსუფ თექინის განცხადებით, სტამბოლში ორი დღით - ხუთშაბათსა და პარასკევს ყველა სკოლა დაიხურება. მიუხედავად იმისა, რომ მარმარილოს ზღვაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სკოლებში სერიოზული დაზიანება არ დაფიქსირებულა, სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება სიფრთხილის მიზნით იქნა მიღებული. გარდა ამისა, სკოლის ეზოები დროებით გაიხსნა მოქალაქეებისთვის, როგორც უსაფრთხო სივრცეები.

ამასთან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები რომლებიც მუშაობენ საჯარო დაწესებულებებში, ჩაითვლებიან ადმინისტრაციულ შვებულებაში მყოფად.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად გზებზე, აეროპორტებში, რკინიგზასა და მეტროში არანაირი დაზიანება ან შეფერხება არ დაფიქსირებულა.

მიწისძვრისა და მიმდინარე მცირე ბიძგების მიუხედავად, სტამბულის ორივე აეროპორტი - სტამბოლი (IST) და საბიჰა გოქჩენი (SAW) - ნორმალურად მუშაობს: აფრენა და დაფრენა გეგმის მიხედვით ხდება, მასობრივი გაუქმებები არ არის და შეფერხებები მინიმალურია.  მიწისძვრის შესახებ პირველადი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ზოგიერთ თვითმფრინავს დაფრენამდე დამატებით წრეზე წასვლა მოუწია.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ სამაშველო სამსახურებმა ოპერატიული შემოწმებები დაიწყეს. სტამბოლის დროით 15:00 საათამდე ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა. ხელისუფლება მოქალაქეებს სთხოვს, მოერიდონ ავარიულ შენობებს და კომუნიკაციისთვის გამოიყენონ SMS და ინტერნეტ მესენჯერები. ამასთან სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, პანიკის გამო 151 მოქალაქემ სიმაღლიდან გადახტომა სცადა და დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

დღეს, ადგილობრივი დროით 12:49 საათზე, სტამბოლში, სილივრის რაიონში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო მარმარილოს ზღვაში, სეისმური ცენტრის სიღრმე 6.92 კმ. ბიძგები იგრძნობოდა არა მხოლოდ სტამბოლში, არამედ მეზობელ პროვინციებშიც.

მთავარ შოკამდე 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ - კიდევ ერთი, 4.4 მაგნიტუდის, ბუიუქჩექმეჯეს სანაპიროსთან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი