"ოცნების" პარლამენტის დეპუტატები მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით ნაკლებ ინტერესს იჩენენ. ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომელიც 25 ნოემბრიდან ამოქმედდა, საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მექანიზმი - პარლამენტის წევრის კითხვა, მხოლოდ 3-ჯერ გამოიყენა, 2024-ში კი ერთხელ და 2025-ში ორჯერ. დეკემბერში თენგიზ შარმანაშვილმა მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, თებერვალში გივი მიქანაძე დაინტერესდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხით და შეკითხვით იუსტიციის სამინისტროს მიმართა, მარტში კი ალექსანდრე დალაქიშვილმა შეკითხვა გაუგზავნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან დაკავშირებით.
წინა მოწვევის პარლამენტში, 2024 წლის მხოლოდ 4 თვეში (იანვარი-აპრილი) დეპუტატებს მთავრობისთვის 500-ზე მეტი შეკითხვა ჰქონდათ გაგზავნილი
პარლამენტის რეგლამენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.
სადეპუტატო კითხვების, მასზე გაცემული, დაგვიანებული თუ გაუცემელი პასუხების გასაჯაროება. საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე, 2016 წლიდან ხდება.