თაღლითური ქოლ-ცენტრის AK ჯგუფის ნაწილი კვლავ აგრძელებს მუშაობას | ჟურნალისტური გამოძიება

გამოქვეყნდა:

თაღლითური ქოლ-ცენტრის AK ჯგუფის ნაწილი კვლავ აგრძელებს მუშაობას - "აი ფაქტი" , სტუდია მონიტორი, OCCRP და GMC ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ  ქართველი "სკამერები" კვლავ იპარავენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ფულს.

დოკუმენტების მიხედვით, ქართული ქოლ-ცენტრის 14 აგენტი მარტის ბოლოსაც აქტიურები იყვნენ Voice-over-IP (VoIP)-ის პლატფორმაზე და ზარებისთვის იყენებდნენ მის ერთ-ერთ პროგრამა Squaretalk-ს. ამ გზით, სულ მცირე, 184-ჯერ დარეკეს. 

VoIP ტექნოლოგიით, თაღლითებს შეუძლიათ დიდი რაოდენობის ზარების განხორციელება ისე, რომ არ ჩანდეს კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან რეკავენ.

მტკიცებულება, რომელიც OCCRP-იმ და მისმა პარტნიორმა მოიპოვა, 25 მარტით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ თაღლითებმა საქმიანობა მათი მხილებიდან რამდენიმე კვირაში უპრობლემოდ განაახლეს. 

ის, რომ A.K.Group-ის თაღლითები მსხვერპლებს Squaretalk-ით უკავშირდებოდნენ, სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება. გამოჟონილ ინფორმაციაში ვიპოვეთ ამ სისტემაში შესასვლელად საჭირო მონაცემებიც. გარდა ამისა, A.K.Group-ის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში შეყვანილია 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის მარტის პერიოდში Squaretalk-ისთვის გადახდილი თანხის ოდენობაც – მინიმუმ, 150 000 აშშ დოლარი.

დოკუმენტებში ჩანს, რომ Squaretalk-ს იყენებს 14 აგენტი, მათ შორის, “Luke Wade”. ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ წინა გამოძიების ფარგლებში შეძლეს მისი იდენტიფიცირება და დაადგინეს, რომ ამ მეტსახელის უკან რეალური პირი ზვიად ურუშაძე დგას. ის A.K.Group-ის IT დეპარტამენტში მუშაობდა და მათ შორის, Squaretalk-ის ანგარიშების გამართვაზეც ზრუნავდა.

თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K ჯგუფის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო,  ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებებიც დაუყადაღა, თუმცა დაკავებული არავინაა. არსებული ინფორმაციით,
თანამშრომლებმა ქვეყანა დატოვეს.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბოლო 3 წელიწადში, ქართველმა “სკამერებმა” (თაღლითებმა) ადამიანების გაძარცვით სულ მცირე 35.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი