სამეგრელოში არასრულწლოვანზე ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის საქმეზე "მთავარი არხის ვებგვერდისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბებია და დედა არასრულწლოვანის ცემის ფაქტს აღიარებენ. ასევე ბავშვის დედა აღიარებს იმასაც, რომ დაშინების მიზნით, მას რამდენჯერმე უკბინა.
ოჯახის წევრები ბავშვზე ძალადობის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ის რთული ქცევის იყო, ხშირად არ უჯერებდა და თავად ძალადობდა შინაურ ფრინველებზე.
როგორც დედამ და ბებიამ, ასევე ბავშვმაც დაკითხვისას განაცხადეს, რომ არასრულწლოვანი დასჯის მიზნით ერთი ღამით იყო გამოკეტილი დამხმარე შენობაში (ნალიაში).
ამ ეტაპზე ბავშვის ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უტარდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ჩადენას არასრულწლოვანის მიმართ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
ავტორი: ემა გოგოხია
იხილეთ ასევე