გერმანიაში, ბავარიის რეგიონის ქალაქ ბაიროითში ორი პირი დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების დივერსიის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებულებიდან ერთი გერმანელი, მეორე კი რუსია.
ერთ-ერთს ბრალი ედება პოტენციურ სამიზნეებზე, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების ორგანიზებაც.
დაკავებულები არიან - დიტერ ს. და ალექსანდერ ჯ.
გერმანელი პროკურორების განცხადებით, დიტერ ს. რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებულ პირთან ერთად, გერმანიაში დივერსიული აქტების მოწყობას გეგმავდა. მთავარი მიზანი იყო გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების განადგურება. ის აგროვებდა ინფორმაციას პოტენციურ სამიზნეებზე, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ობიექტებზეც.
ორივე მათგანს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. დიტერ ს.-ს ცალკე ბრალდება წაუყენეს, 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე, დონეცკის რეგიონში შეიარაღებული პრორუსული სეპარატისტული ძალების წევრობისთვისაც.
ამ შემთხვევის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. კრემლში კი ამტკიცებენ, რომ არაფერი იციან - "ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს" - ამბობს პრესსპიკერი პესკოვი.