„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვე გავიდა. სკეპტიკოსთა თუ ავის მსურველთა მოლოდინის საპირისპიროდ, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი სრულად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა თუ ვინმე დააზიანა და პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, ეს თავად რადიკალური ოპოზიციაა" - წერს "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი და განვლილი 6 თვის ანალიზს გვთავაზობს.
"საქართველომ კი, როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა, განვლილ პერიოდში უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი მიიღეს, რაც მნიშვნელოვანია კარგად შევაჯამოთ და გავიაზროთ. ზოგიერთების მოკლე მეხსიერებას სჩვევია ისტორიის გადაწერა და საკუთარ დღის წესრიგზე მორგება, რის საშუალებასაც, ბუნებრივია, არ მივცემთ." წერს პაპუაშვილი.
ვრცელ წერილში პაპუაშვილი ტრადიციულ პროპაგანდას ავითარებს და მოვლენებს ქვეთავებად ჰყოფს.
რეფერენდუმი
ჩვენ გვახსოვს, რომ გასული საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ რეფერენდუმად მონათლა და თქვა, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს ევროპასა და რუსეთს შორის. ეს კამპანია 2024 წლის მარტის პირველივე რიცხვებში სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო და მასში უცხოური და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა დააანონსა. საბოლოოდ ყველა ოპოზიციური პარტია თუ ენჯეო ლიდერი ამ ხედვის ქვეშ დადგა და ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტის გამკეთებელ ხელისუფლებას ევროპის სახელით დაუპირისპირდა.
საქართველოს ხელისუფლებამ ეს გამოწვევა მიიღო. იყოს რეფერენდუმი, ვთქვით ჩვენ. ოღონდ ჩვენ ხალხს ავუხსნით, რეალურად რა რეფერენდუმია ეს. რასა და რას შორის ვირჩევთ. `„ქართული ოცნების“ კამპანია სწორედ ამ ხედვის გაზიარებას დაეფუძნა. ადამიანებს უნდა აერჩიათ წარსულსა და მომავალს შორის, ომის საფრთხესა და მშვიდობას შორის, დისკრედიტირებულ, დამნაშავე პოლიტიკოსებსა და პასუხისმგებლიან ხელისუფლებას შორის, ძალაუფლების წყაროს ქვეყნის გარეთ ძიებასა და ხალხის ნებას შორის, უცხოურ გავლენასა და თვითმყოფადობას შორის. და კიდევ უამრავ მსგავს ორ პოლუსს შორის, რომელსაც ცალსახად, კრისტალიზებულად და ერთმნიშვნელოვნად განასახიერებს კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია და „ქართული ოცნება“.უცხოეთის გავლენა
სხვა წინა არჩევნებისგან უპრეცედენტო და განსხვავებული რაც ვნახეთ, იყო უცხოეთის ღია და პირდაპირი ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესში და ხალხის ნებაზე დაუფარავი ზემოქმედება. გარდა იმისა, რომ ეს კანონმდებლობით პირდაპირაა აკრძალული, საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის ღია და თავისუფალ კონკურენციაში ზოგიერთმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ დაიჭირა ცალსახა მხარე ოპოზიციის სასარგებლოდ და მათი განცხადებები პირდაპირ მიმართა ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად.
გარდა პირდაპირი აგიტაციისა და მოწოდებისა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაჩნდა პირდაპირი მინიშნებები და მუქარა, რომ არჩევნების არასასურველ რეზულტატს მოჰყვებოდა სათანადო სადამსჯელო შედეგები, სანქციები, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და სხვა ინსტრუმენტების ამოქმედებაც. დიპლომატიურ წარმომადგენლებთან უნისონში, მთელი რიგი ოდიოზური ფიგურები სხვადასხვა დედაქალაქების პარლამენტებიდან ბევრად ხისტად და დაჟინებით ზემოქმედებდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესზე, რასაც ოპოზიციის კუთვნილი მედია სრულიად ევროპულ პოზიციად გვისაღებდა.პოლარიზაცია
საარჩევნო პროცესში ამგვარმა ჩარევამ და რადიკალიზაციამ წარმოშვა სრულიად პოლარიზებული გარემო, სადაც ქვეყნის მოქალაქეები მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში სასურველი პარტიის არჩევის ნაცვლად ჩათრეული აღმოჩნდნენ სრულიად პოლარიზებულ, აპოკალიფსურად დამუხტულ ვითარებაში, რომელსაც ქვეყნის ბედისწერა უნდა გადაეწყვიტა. ეს ხელოვნური პოლარიზება ხელისუფლებისგან ითხოვდა კარგად გააზრებულ მოქმედებას, ერთი ხელით ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია, დაეცვა საკუთარი ხედვა და პოზიცია, ელაპარაკა ხალხთან, ხოლო მეორე ხელით უზრუნველეყო სამართლიანი გარემო და არჩევნების თანასწორ და გამჭვირვალე პირობებში ჩატარება.
მართლაც, 27 ოქტომბრამდე ქვეყანაში არ გაჩენილა არცერთი პრეტენზია ცესკოს საქმიანობის და ახალი, ელექტრონული მთვლელი მანქანების საშუალებით არჩევნების ჩატარების მიმართ. ყველა დამკვირვებელი, წარმომადგენლობა და თვით ოპოზიციაც სრული სისავსით დადებითად აფასებდა გაწეულ სამუშაოს. „სათამაშო მოედნის“ მიმართ თვით 26 ოქტომბრის ჩათვლით რაიმე სერიოზული პრეტენზია არ გამოთქმულა.ხალხის არჩევანი
„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კამპანიაში გახმიანებული თემა ომის არდაუშვებლობის შესახებ პრაქტიკულად დადასტურდა საარჩევნო პროცესში უცხოეთის პირდაპირი ჩართვით, რომელიც ცალსახად ისახავდა მიზნად ხელისუფლების ცვლილებას. ტაქტიკური გათვლა კი მდგომარეობდა იმ ცრუ მოლოდინზე, რომ ფოჩიანი კანფეტის თუ თაფლაკვერის დაპირებით ქართველი ხალხის უმრავლესობა მოტყუვდებოდა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს განუდგებოდა. მათ ვერ გათვალეს, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მატარებელი ერი, რომელმაც ისტორიის მიმდინარე ეტაპზეც არაერთი მწარე გაკვეთილი იწვნია, ასე ადვილად ანკესზე ვერ წამოეგებოდა.
თაფლაკვერის დაპირებას მათრახის მუქარაც მოჰყვებოდა, სანქციებისა და სადამსჯელო მექანიზმების სახით, თუმცა მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ სწორი არჩევანი გააკეთა და საქართველოს ეროვნული ინტერესებს, დიდ ომში მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას მისცა ხმა. ეს დიდი შემობრუნება ჩვენი სამშობლოს ავისმოსურნეთათვის სილის გაწვნად იქცა და მათრახმაც არ დააყოვნა. უცხოეთის ცრუ მოლოდინმა იმედგაცრუება, ხოლო იმედგაცრუებამ ბრაზი გამოიწვია.შანტაჟი
26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ ჯამურად ხმათა 38% მოაგროვა, რაც სარეფერენდუმო პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. თითქოს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ოპოზიციას უნდა გახარებოდა, სამომავლო საქმიანობის კარგ ბაზისად ექცია და კონსტიტუციურ ჩარჩოებში საქმიანობის გასაგრძელებელ მოტივაციად ქცეულიყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უცხოელ პატრონებს მხოლოდ ერთი შედეგი აძლევდა ხელს - ხელისუფლების ცვლილება. დემოკრატიის განვითარება და წინგადადგმული ნაბიჯი ლიტონი ტერმინი გამოდგა. ამიტომ გვახსოვს, არჩევნებიდან ორ დღეში მიღებული მითითებები, იპოვეთ და მოაგროვეთ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები. და ასევე გვახსოვს სასოწარკვეთილი ოპოზიციის განწირული მცდელობები, ხან ციური 300 ათასი ზედმეტი ხმა ეპოვათ და ხან „გაჟონვის“ მითი გამოეგონებინათ.
ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელით პირდაპირ უბიძგეს ბოიკოტის გამოცხადებისა და დაუმორჩილებლობისაკენ. დაიწყო შანტაჟის მორიგი რაუნდი, არაღიარებით ვაჭრობა, რომლის მსგავსიც 2020 წლის არჩევნებზეც ვნახეთ. შანტაჟის გამოყენებაზე უარი მაშინაც არ თქვეს, როდესაც დაინახეს - ხალხი არჩევნების შედეგს არ აპროტესტებს, დემონსტრაციები არ იკრიბება, გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, პარლამენტი კი წარმატებით შეიკრიბა და სხდომებიც გაიხსნა.
ჩვენ დავინახეთ უცხოური შანტაჟის გაგრძელების მკაფიო სცენარი - ოპოზიციის მხარდაჭერა, დიპლომატიური წარმომადგენლობების დუმილი, ბოიკოტი, დისტანცირება, კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების მორყევა და ისეთი ჩუმი კრიზისის შექმნა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ტყუილთან კომპრომისის საჭიროებას წარმოშობდა.28 ნოემბერი
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის გახსნიდან ორ დღეში, უკმაყოფილო უცხოეთის მხრიდან დემარშისა და მტრული განწყობის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ შანტაჟის რეჟიმში ყოფნაზე უარი თქვა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ ქვეყანა არ ჩადგებოდა მდგომარეობაში, როდესაც მისი პოლიტიკა უნდა დაექვემდებაროს გარე მითითებებს, ხოლო მითითებების არშესრულების შემთხვევაში შანტაჟის ინსტრუმენტებად გამოყენებული იქნებოდა „თაფლაკვერების“ ვერ-მიღება, შიდა არეულობის ინსპირირება და სხვა მსგავსი იარაღი.
„ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის უმრავლესობის ნებაზე დაყრდნობით თვალი გაუსწორა შექმნილ ვითარებას და გარე ჩარევას სათანადო პასუხი გასცა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ გავაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მუშაობას 2028 წლამდე, მანამდე კი მოლაპარაკებების გახსნას და სხვა შუალედურ ეტაპებს ვაჭრობის საგნად არ ვაქცევდით. ეს განცხადება უკმაყოფილო, იმედგაცრუებულმა და გაბრაზებულმა უცხოეთმა თბილისში საპროტესტო გამოსვლების დასაწყებად გამოიყენა.დაპირისპირება
გაბრაზებული უცხოეთის აგრესია ნოემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამაც გაზარდა. არჩევნებში დამარცხებულ ადმინისტრაციას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თბილისის ზღვარგადასული პროტესტისთვის და მორიგი ფერადი რევოლუციისთვის მწვანე შუქი სრულად ჰქონდა ანთებული. საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს უდიდესი ძალისხმევის გაღება მოუწიათ რუსთაველის გამზირზე წესრიგის, უსაფრთხოებისა და პარლამენტის სასახლის შტურმისგან დასაცავად. ამ შეტაკებებში არაერთი დემონსტრანტი და სამართალდამცავი დაშავდა.
ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, როგორი დუმილით ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესს დიპლომატთა ის ნაწილი, რომელიც წინასაარჩევნოდ სიტყვაუხვობდნენ, ახლა კი სწორედ მათი ინსპირირებით როგორ მიუშვეს აგრესიული დემონსტრანტები პოლიციასთან დასაპირისპირებლად. მათ კარგად ესმოდათ ქვეყანაში დაპირისპირების რეალური მიზეზი და არათუ არაფერი გააკეთეს ოპოზიციისთვის ცრუ ნარატივის გამოსართმევად, არამედ ყოველგვარად წაახალისეს პარლამენტზე თავდასხმა. მანამდე, პირველად ჩვენს ისტორიაში დემონსტრანტს ცოცხალ ადამიანზე მოლოტოვის კოქტეილი ასროლინეს, დასაწვავად გაიმეტეს და შემდეგ გმირად გამოაცხადეს. სწორედ ამის შედეგად ვიხილეთ პირდაპირი მნიშვნელობით გახსნილი ცეცხლი რუსთაველის გამზირზე.
პროპაგანდის მარცხი
სრულიად მოულოდნელად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა იმ მავნე პრაქტიკის დასრულების შესახებ, რომელსაც იყენებდა ამერიკის ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე რბილ ძალად მონათლული USAID-ის თუ NED-ის გამოყენებით. ახალი ადმინისტრაციის განსხვავებული მიდგომა საერთაშორისო ვაჭრობის, უკრაინაში მიმდინარე ომისა და ნამდვილი ამერიკული ინტერესების მიმართ გლობალისტური ძალებისა და ომის პარტიებისთვის ცივი შხაპი აღმოჩნდა.
პრეზიდენტმა ტრამპმა უდიდესი ძალისხმევა გასწია უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც ჯერ ისევ აწყდება წინააღმდეგობას. მან დახურა USAID-ი, როგორც ამერიკული გრძელვადიანი ინტერესების დამაზიანებელი ინსტიტუცია. დაიწყო ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესი. USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები.
სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს, რომელსაც გაკოტრებული დღის წესრიგით მაინც ახალისებენ. ამ პროცესზე დაკვირვება საინტერესოა იმითაც, რომ ზუსტად დავინახოთ ამერიკული ინტერესის სამომავლო ფორმირება და მექანიზმები. ახალი ადმინისტრაცია რეალურად ახერხებს „დიფსტეიტის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შედეგად მხოლოდ დისკრედიტირებული და გაკოტრებული ინსტრუმენტები გაუქმდება, სანაცვლოდ კი იგივე დანიშნულების, მაგრამ ახალი ფორმის ზემოქმედების მექანიზმებს მივიღებთ.გამარჯვება
არჩევნებიდან ექვსი თვის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. მან არამხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ:
▪️„ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს;
▪️უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებსა და მათ დღის წესრიგს;
▪️ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმაზე მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს;
▪️ქართული ოპოზიცია მიბმულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებს და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია;
▪️ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, „ქართული ოცნებაა“.
შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კვალდაკვალ, ხელისუფლებამ ოპონენტი პარტნიორები აიძულა, რომ მისი სამართლიანი, კანონიერი და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწია. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარე ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობა და სანქციებით დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო.
საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ის ერთგულია 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად.
საბოლოოდ მიღწეული მონაპოვრის განმტკიცება და გამარჯვება შემოდგომაზე გასამართ არჩევნებზე მოხდება. მნიშვნელოვანია, უცხო გავლენების მატარებელი ადამიანებით დაკომპლექტებულ პარტიებს საზოგადოებამ სათანადო განაჩენი გამოუტანოს და თავისი ხმა არგუნოს იმ პარტიებს, რომლებიც ქართული ეროვნული ინტერესების სათანადოდ მოქმედებენ. პარტიებს შორის განსხვავებები სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე თემებს უნდა ასახავდეს და მათი დღის წესრიგი უცხოეთის გავლენას არ უნდა ატარებდეს. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები დამოუკიდებლობის განმტკიცების ამ გზას დიდ წერტილს დაუსვამს.მიზანი
ქართული ოცნება სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მახასიათებელი და ამით განვსხვავდებით ძალაუფლების წყურვილით აღსავსე, რევანშის სურვილით დაბრმავებული და მოკლე თვალთახედვის მქონე ოპონენტებისაგან.
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყნის მართვა გვხვდა წილად, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამ გადმოსახედიდან კი, რამდენად სავალალოდ ჩანს ჩვენი უახლესი წარსული, ავანტიურისტი ხელისუფლების და მმართველების მიერ უცხო ინტერესების მსახურად და ასპარეზად ქცეული სამშობლო, რომელსაც უდიდესი სისხლის ფასად დღემდე მოტანილი მიწებით მოუწია შეცდომათა ზღვა. ამ მძიმე წარსულისა და გამოცდილების ფონზე, რამდენად დასაფასებელია „ქართული ოცნების“ მცდელობა, სიფრთხილე, რუდუნება, ბეწვის ხიდზე გაეტარებინა ქვეყანა, ქართველი ხალხი და მომავლის პერსპექტივას გაფრთხილებოდა.
სწორი მართვა, ცოდნა, სიბრძნე, გამოცდილება - ეს მხოლოდ საშუალებებია, მთავარი ამ პროცესში სამშობლოს უდიდესი და უპირობო სიყვარულია. ამას აკეთებს "ქართული ოცნება" ხალხთან ერთად, რომელსაც ზუსტად ესმის და გრძნობს თუ სადაა სინამდვილე. ეს ჩვენი სიღრმისეული, 3000 წლოვანი სიბრძნის დამსახურებაა. იმ სიბრძნის, რომელმაც გლობალური ინტერესებით მოქმედი ძალების პირისპირ საუკუნეები გამოგვატარა და დღევანდელობამდე მოგვიყვანა. ასე რომ, გლობალური ინტერესებით მოქმედ ძალებთან ბრძოლა ისევე ძველია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენი მიზანი ამ ეპიკურ დაპირისპირებაში ისევე სახელოვნად გამარჯვებაა, როგორც ამას ჩვენი ბრძენი წინაპრები ახერხებდნენ.
უახლოესი მიზანი კი ცხადია ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვებაა. გლობალური დიფსტეიტი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სახელმწიფოებსა და კორპორაციებზე, საკუთარი ინტერესების გატარებას მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში გავლენათა კოორდინაციით ახერხებს. ქართული ოპოზიცია, სამწუხაროდ, ამ უცხო გლობალური ინტერესის ბრმა იარაღად იქცა და ნამდვილ, ქართულ, მშობლიურ გამოცდილებას დაუპირისპირდა.
ჩვენ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოვიგებთ და საქართველოში ახალ ფურცელს გადავშლით. " წერს პაპუაშვილი.