ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის" (RFE/RL) კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხის გადარიცხვა დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
მოსამართლის მიერ, 29 აპრილს გამოცხადებული დროებითი განკარგულებით, სააგენტომ მედიაკორპორაციას აპრილის თანხა - 12 მილიონი დოლარი უნდა გადაურიცხოს.
"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" პრეზიდენტ სტივენ კაპუსის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.
კაპუსმა იმედი გამოთქვა, რომ მედიაკორპორაცია თანხას დაუყოვნებლივ მიიღებს, რადგან აპრილში თანამშრომლების ნაწილი უკვე გაუშვეს იძულებით, ნაწილობრივ ანაზღაურებად შვებულებაში და შეამცირეს პროგრამების მოცულობა რეგიონებისთვის, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
2025 წლის ოქტომბრისთვის "რადიო თავისუფლება" სავარაუდოდ მიიღებს კიდევ 77 მილიონ დოლარს აშშ-ს ფედერალური მთავრობისგან, რომელიც კონგრესმა გამოყო მედია კომპანიის ოპერაციებისთვის.
მედიაორგანიზაციებს დაფინანსება მას შემდეგ შეუწყდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკის ფარგლებში გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება “ფედერალური ბიუროკრატიის შემცირების გაგრძელების” შესახებ. ბრძანებულებაში შვიდი ფედერალური ორგანიზაცია მოხვდა, მათ შორის, USAGM, რომელიც რამდენიმე მედიაორგანიზაციის ქსელს განაგებს, მათ შორის რადიო თავისუფლებასა და ამერიკის ხმას.
USAGM აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოა - ფედერალური ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე მედიაორგანიზაციის ქსელს განაგებს - რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL), ამერიკის ხმა, რადიო თავისუფალი აზია, კუბის მაუწყებლობის სამსახური, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი და ღია ტექნოლოგიის ფონდი. 2025 წლისთვის USAGM ითხოვდა 950 მილიონ დოლარს საკუთარი თავისა და 6 ორგანიზაციის დასაფინანსებლად. თითოეულ ამ მედიაორგანიზაციას ბიუჯეტის თანხა კონგრესის მიერ განესაზღვრება . ბოლოს მიღებული რეზოლუციის შედეგად, მათ 2024 წლის პარამეტრებით დაფინანსება ჰქონდათ წესით გარანტირებული.